სპორტი
დათა ყალაბეგაშვილი ჭადრაკში სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
14 მარტს დამთავრდა საქართველოს 13-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატი. ტურნირში გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე დათა ყალაბეგაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში 30 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
„მინდა გითხრათ, რომ ჭადრაკში თითქმის ერთი წელია, პანდემიის პირობებში ჩემპიონატები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. დაცულია ყველა წესი, კონტროლდება მოთამაშე, თუკი კარნახს ან წესების დარღვევას ექნება ადგილი, მსაჯი მოთამაშეს მაშინვე მოხსნის ტურნირიდან. ამჟამადაც, საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 13 წლამდე ასაკში, ონლაინფორმატში ჩატარდა, სადაც 10 წლის დათა ყალაბეგაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. მან ძალები მოსინჯა თავისზე დიდი ასაკის მოთამაშეებთან. ეს იყო ურთულესი ტურნირი. მან ბრწყინვალედ ჩაატარა ყველა პარტია. ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად. დათამ ექვსი პარტია მოიგო სამი ყაიმით დაამთავრა და შვიდნახევარი ქულა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამხდარიყო საქართველოს ჩემპიონი სასკოლო ასაკში. თუკი მომავალში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი, დათა საქართველოს სახელით აუცილებლად იასპარეზებს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც მან მოიპოვა.“

მისივე თქმით, დათა ყალაბეგაშვილი შესაბამისი თასით და მედლით დაჯილდოვდება.


| Print |
FaceBook Twitter Google