სპორტი
გურჯაანში ჭადრაკში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში 20 მარტს კახეთის რეგიონის ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა ჭადრაკში.
კლუბის დირექტორის, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, მონაწილეობას ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ.
„მონაწილეობას იღებდა სულ 17 მოჭადრაკე - გურჯაანიდან, თელავიდან, ლაგოდეხიდან და დედოფლისწყაროდან. შეხვედრა ჩავატარეთ შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გურჯაანელი მოჭადრაკეები გავიდნენ. პირველი ადგილი აიღო დათა ყალაბეგაშვილმა. მეორე - ალექსანდრე წანაწყენიშვილმა, მესამე - გიორგი წანაწყენიშვილმა. მეოთხე ადგილი დაიკავა თელაველმა თამაზ თუშიშვილმა, ხოლო მეხუთე ადგილზე ასევევ გურჯაანელი შოთიკო ზირაქაშვილი გავიდა. მომდევნო შაბათს ველოდებით ამ ტურნირის გაგრძელებას - კახეთის პირველობას ასაკობრივ ჯგუფებში.“

ტურნირს ესწრებოდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოჭადრაკე, ნანა იოსელიანი.
„დღევანდელ ტურნირს დავარქმევდი არაოფიციალურ ღონისძიებას, ასე ვთქვათ კახეთის არაოფიციალურ ჩემპიონატს. ეს კლუბი ერთ- რთი გამორჩეულია მთელ საქართველოში. ახლაც ასეთი კარგი ღონისძიება ტარდება. მეც მქონდა საშუალება ჩამოვსულიყავი და თვალი მედევნებინა. ჩემპიონატი მომდევნო კვირაში გაიმართება. ეს არის, ასე ვთქვათ, მოჭადრაკეების მოთელვა პანდემიის შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს ისევ მიეცათ საშუალება ჭადრაკი დაფასთან ითამაშონ და არა ონლაინ.“-აღნიშნა მან.

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google