სპორტი
გურჯაანელი კიკბოქსიორები საერთაშორისო ტურნირზე ქამრის მფლობელები გახდნენ
ქალაქ ერევანში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის მწვრთნელის, გიორგი ელიკაშვილის თქმით, რთულ ორთაბრძოლებში მისმა სპორტსმენებმა კარგი შედეგი აჩვენეს და ქამრის მფლობელები გახდნენ.
„13-14 ივნისს ჩატარდა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი, სადაც ექვსი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც. საუკეთესო მებრძოლები მონაწილეობდნენ და ამიტომ საკმაოდ რთული ორთაბრძოლა იყო. საქართველოდან წარდგენილი იყო 4 გუნდი. სულ 15 ქამარი იყო და ათი საქართველოში წამოვიღეთ. გურჯაანის კლუბ „მგლებიდან“ 2 სპორტსმენი მონაწილეობდა და ორივე ქამრის მფლობელი გახდა. ესენი არიან: გიორგი ქადაგიშვილი და გიორგი გუჩმაზოვი. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

მიღწეულით კმაყოფილია ქამრის მფლობელი გიორგი გუჩმაზოვიც.
„ვიმყოფებოდით ქალაქ ერევანში. ჩემზე ორი წლით უფროს მოწინააღმდეგესთან მომიხდა ბრძოლა, მაგრამ მე ბევრად სწრაფი ვიყავი, კარგი ტექნიკა მქონდა და დავამარცხე. ჩემთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის, სხვადასხვა დროს ვიყავი კახეთის და საქართველოს ჩემპიონი.“

იორგი ელიკაშვილის თქმით, შემდეგი ორთაბრძოლა აგვისტოს თვეში, უკრაინაში იგეგმება, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google