სპორტი
გურჯაანში „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაცია“ დაარსდა
კახეთის რეგიონში, კერძოდ კი, ქალაქ გურჯაანში შეიქმნა „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაცია“. პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, ფედერაციის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა და მოცურავეთა ჯგუფიც შედგა.
„გურჯაანში საცურაო აუზის გახსნიდან პირველ-მეორე წელს, როდესაც დავინახეთ ჩვენი მოცურავეების წარმატებული ნაბიჯები, გაჩნდა იდეა დაარსებულიყო „კახეთის სპორტის წყლის სახეობათა ფედერაცია“, რათა ხელი შეგვეწყო ცურვის განვითარებისთვის. მომავალში ფედერაციაში ასევე შევა ისეთი სახეობები, როგორიცაა წყალბურთი, წყალში ხტომა და სინქრონული ცურვა.

ისეთი აუზი, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სპორტული ცურვისთვის, კახეთში მხოლოდ გურჯაანშია. გვინდა, რომ სხვა ქალაქებიდანაც მოვიზიდოთ მოცურავეები, თუმცა ტრანსპორტირების პრობლემა გვაქვს. ამ ეტაპზე 10-12 მოცურავე გვყავს სპორტულ ჯგუფში, რომლებიც სხვადასხვა შეჯიბრზე გაგვყავს.“

როგორც ფედერაციის, პრეზიდენტი ამბობს, სპორტსმენებისთვის ძალიან რთულია, როდესაც აუზი სეზონურად იკეტება და თანმიმდევრული ვარჯიშის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„გურჯაანის სპორტული გაერთიანება, სპორტკომპლექსის ადმინისტრაცია, ყველანაირად გვერდში გვიდგა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ აუზს ძალიან დიდი ხარჯი აქვს, გადასახადებიც გაიზარდა, ამიტომ შემოდგომით იკეტება და შესაძლოა, აპრილამდე ვერ გახსნან. მარტიდან კი თბილისში შეჯიბრებები იწყება. ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი მოცურავეების შედეგებზე. ერთთვიანი პაუზაც კი დაბლა სწევს მათ შესაძლებლობებს. მათი რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანია. “

ფედერაციის პრეზიდენტი ცდილობს პრობლემა მოაგვაროს, რათა სპორტსმენებს ვარჯიშები არ გაუცდეთ.

"ვაპირებ, მივმართო მუნიციპალიტეტის მერს, რომ ამ საქმეში დაგვეხმაროს, იქნებ აუზი არ დაიხუროს. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება წინანდალში სასტუმრო „რედისონ ქოლექშენის“ ადმინისტრაციასთან. იმედი გვაქვს, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეღავათიან ფასად დაგვითმობენ აუზს, რომ თანრიგოსანი სპორტმენები მაინც ვატაროთ სავარჯიშოდ. აუცილებელია ფინანსების მოზიდვა. გვაქვს ორგანიზაციებისა და მერიის იმედი.“

26, 27 და 28 ნოემბერს თბილისში იმართება შეჯიბრი საქართველოს ფედერაციის თასზე და კახეთის ფედერაციას სურვილი აქვს, რომ ოთხმა თანრიგოსანმა სპორტსმენმა: მარიამ პაპუნაშვილმა, მარიამ ქვლივიძემ, ანა მამუკაშვილმა,  ნინო მამუკაშვილმა და ნინო ზარდიაშვილმა მიიღოს მონაწილეობა.

მამუკაშვილის თქმით, ფედერაციას აქვს საშუალება, რომ ბავშვები საზღვარგარეთაც გაიყვანოს. შესაძლებელია მომავალში გურჯაანელმა სპორტსმენებმა უკრაინასა და ბელორუსიაში გამართულ ტურნირებზეც იასპარეზონ.
| Print |
FaceBook Twitter Google