სპორტი
ქართველმა მოციგურავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს
კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ფიგურულ ციგურაობაში საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიოს 14 წყვილს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების წყვილს საპრიზო სამეულამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. კარინა და ლუკა კონკურენციაში პირველად ჩაებნენ და მოკლე პროგრამაში მათ თავიანთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს - ჟიურისგან მიღებული 67.36 ქულით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო ქალთა და მამაკაცთა ინდივიდუალურ პროგრამებშიც. ანასტასია გუბანოვამ და მორის ყვითელაშვილმა ფინალის საგზურები მოიპოვეს. გუბანოვამ მეთოთხმეტე, ხოლო ყვითელაშვილმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები სრული გუნდური შემადგენლობით მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად იღებს მონაწილეობას. ყინულზე ცეკვაში მონაწილეობას მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მიიღებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google