სპორტი
გურჯაანის საცურაო აუზი 2 მაისიდან მუშაობას განაგრძობს
ორშაბათს, 2 მაისს გურჯაანის საცურაო აუზი მუშაობას განაახლებს. გურჯაანის სპორტ-კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ ეტაპზე საცურაო აუზი მზადაა მომხმარებლების მისაღებად.
„მთელ კომპლექსს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. უშუალოდ აუზს რაც შეეხება, განახლდა საშხაპეები, გასახდელები, საპირფარეშოები, ჩატარდა გეგმიური სანიტარული დასუფთავების სამუშაოები. აუზი ამ ეტაპზე სრულ მზადყოფნაშია.

ორშაბათს ველოდებით მომხმარებლებს,“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში  ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორმა გელა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, გურჯაანის საცურაო აუზით სარგებლობა ბავშვებს უკვე 2 წლის ასაკიდან შეეძლებათ.

„თუკი აქამდე ჩვენ ვერ ვიღებდით 5 წლის ქვემოთ მომხმარებლებს, რადგან შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავდა და არც პატარა აუზი იყო მოწესრიგებული, ახლა უკვე შეგვიძლია მათი მიღება. პატარა აუზიც აღვადგინეთ და სპეციალისტებიც გადავამზადეთ. მათ გაიარეს შესაბამისი კურსები და მოიპოვეს ლიცენზია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 მაისიდან ბავშვებს 2 წლის ასაკიდან შეეძლებათ გურჯაანის საცურაო აუზის სერვისებით სარგებლობა,“- გვეუბნება გელა დალაქიშვილი.

სპორტული გაერთიანების დირექტორის თქმით, სერვისების ფასები უცვლელი რჩება. ამ ეტაპზე აუზი მომხმარებლებს კვირაში ორდღიან, სამდღიან, ოთხდღიან და ულიმიტო აბონემენტებს სთავაზობს. შესაბამისად, 12 წლამდე ბავშვებისთვის გადასახადი 50 ლარიდან იწყება და ყოველი მომდევნო პაკეტის ღირებულება 10 ლარით იზრდება. 12 წლის ზევით მომხმარებლებს კი კვირაში ორდღიანი ვიზიტის აბონემენტი 60 ლარიდან შეუძლიათ შეიძინონ.

გელა დალაქიშვილი აქვე განმარტავს, რომ აუზით სარგებლობის ასაკი შეზღუდული არ არის. საათები გადანაწილებულია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google