სპორტი
FIBA-მ თურქეთის ნაკრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნა - საქართველოს ნაკრებთან 4 სექტემბერს გამართული მატჩის ბოლო ხუთი წუთის გადათამაშება, არ დააკმაყოფილა.

4 სექტემბერს საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერგინ ატამანმა FIBA-ს ულტიმატუმი წაუყენა. იგი ფედერაციისგან თამაშის ერთი ეპიზოდის გამოკვლევასა და მატჩის დასრულებამდე დარჩენილი ოთხ წუთ-ნახევრის გადათამაშებას მოითხოვდა.

FIBA-მ ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადათამაშება არ იქნება. ფედერაცია ადასტურებს, რომ თამაშის სადავო ეპიზოდის მიმდინარეობისას გარკვეული დრო მართლაც დაიკარგა, თუმცა ეს არ ამტკიცებს დროის აღრიცხვის პრობლემის გავლენას საერთო შედეგზე შედეგზე.

აღსანიშნავია, რომ FIBA-ს გადაწყვეტილებით, მატჩის შედეგი ძალაში რჩება, თუმცა საქართველოსა და თურქეთის შეხვედრასთან დაკავშირებით ფედერაცია ჯერ კიდევ მსჯელობს - მიმდინარეობს გამოძიება მხარეებს შორის შესაძლო ჩხუბის შესახებ.

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, მათი ნაკრების წევრ კორკმაზს გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში რამდენიმე ქართველმა კალათბურთელმა და დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესწავლასა და ოფიციალურად დაფიქსირებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს,პროტესტის ნიშნად, ევროპის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.

თავის მხრივ, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მოითხოვს, "თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციული ქმედებები გულდასმით იქნეს გამოძიებული და სათანადო რეაგირება მოჰყვეს“, რადგან ფედერაცია მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ცილისწამებას და რეალურად, სიტუაციის დაძაბვა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციულ საქციელს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნეკრებებს შორის მატჩი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის ფარგლებში შედგა. თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 88:83. შეხვედრის ბოლო მეოთხედში, ფურკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის გამოც მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა.
| Print |
FaceBook Twitter Google