სპორტი
გურჯაანის ჭადრაკის კლუბში გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება
4 და 5 ნოემბერს გურჯაანის ჭადრაკის კლუბში ჭადრაკის მასწავლებლის, აწ გარდაცვლილი გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან იქნებიან მოწვეული. აღნიშნული ტურნირის დაწესების ინიციატორია ჭადრაკის კახეთის ფედერაციის და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის პრეზიდენტი გიორგი ქიტესაშვილი.

„ტურნირი დაწესდა ჩემი ინიციატივით, რომელიც შეთანხმებულია გურჯაანის სპორტულ გაერთიანებასთან. გია ზარდიაშვილი 35 წელი მუშაობდა ჩვენთან და არაერთი წარმატებული სპორტსმენი გაზარდა. ამიტომ დავაწესეთ მისი სახელობის ტურნირი, რომელიც 4-5 ნოემბერს გაიმართება გურჯაანში. მასში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის სპორტსმენები, ასევე მოვიწვიეთ მოჭადრაკეები თბილისიდან და გორიდან,“ - ამბობს გიორგი ქიტესაშვილი.

მისივე თქმით, ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი მოჭადრაკეები ნანა იოსელიანი და გიორგი გიორგაძე, რომელთა სახელსაც ატარებს გურჯაანის ჭადრაკის კლუბი.

გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი წელს პირველად ტარდება. როგორც გიორგი ქიტესაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მომავალში აღნიშნული ტურნირი ტრადიციად დამკვიდრდება.


| Print |
FaceBook Twitter Google