სპორტი
გურჯაანში გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა
გურჯაანის ჭადრაკის კლუბში აწ გარდაცვლილი გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. კახეთის ღია ტურნირში, რომელიც შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა, კახეთიდან და თბილისიდან სულ 34 სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ჩავატარეთ გია ზარდიაშვილის სახელობის კახეთის ღია ტურნირი, რომელიც ჩატარდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა თელაველი თაზო თუშიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა თავად გია ზარდიაშვილის შვილი აკაკი ზარდიაშვილი, მესამეზე საქართველოს ჩემპიონი 20 წლის ასაკში - გიორგი წანაწყენიშვილი.

ძალიან ძლიერი ტურნირი იყო, თავი მოიყარეს უძლიერესმა მოჭადრაკეებმა. მონაწილეებს შორის სამი იყო საქართველოს ჩემპიონი, სამი - საქართველოს პრიზიორი, ერთი ევროპის პრიზიორი. ტურნირს ესწრებოდა ნანა იოსელიანი და ძალიან მაღალი შეფასება მისცა.“ - ამბობს speqtri.ge-სთან ჭადრაკის კახეთის ფედერაციის და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის პრეზიდენტი გიორგი ქიტესაშვილი.

მისივე თქმით, გოგონებიდან თავი ისახელეს ლაგოდეხელმა დებმა სოფია, ანა და მარია ლიმარებმა, ასევე გურჯაანელმა დებმა ანა და მარიამ დათუაშვილებმა, რომლებმაც კარგი თამაში აჩვენეს.

გია ზარდიაშვილის სახელობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და როგორც გიორგი ქიტესაშვილი ამბობს, მომავალში ტრადიციად დამკვიდრდება. ცნობისთვის, გია ზარდიაშვილი ჭადრაკის კლუბში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ჭადრაკის მასწალებლად.
| Print |
FaceBook Twitter Google