სპორტი
14 წლის გურჯაანელი ჯული ცინაძე კრივში საქართველოს ჩემპიონია
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.

როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მან ვარჯიში დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში საუკეთესო შედეგს მიაღწია.



„ჩვენი კლუბის - BOXING CLUB CHAMPIONSHIP - საუკეთესო სპორტსმენმა, ჯული ცინაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში თბილისელი ნაზი შაქარაშვილი დაამარცხა და გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამ ტიტულის მოპოვების შემდეგ, ჯული აიყვანეს საქართველოს ნაკრებში. ის გაივლის შესაბამის მომზადებას და მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში. ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და იქიდანაც ჩემპიონის ტიტულით დავბრუნდეთ.

ასეთ შედეგს ველოდებოდით, რადგან სათანადოდ ვემზადებოდით. ამ ორ თვეში დილა-საღამოს იმდენი ვიშრომეთ, რომ ეს შედეგი დავდეთ. გპირდებით, ევროპის ტიტულსაც მოვიპოვებთ და შემდგომში რა ტურნირიც იქნება, გამარჯვებულს ჩამოვიყვანთ ამ გოგონას.

ევროპის შემდეგ მსოფლიო მოდის, შემდეგ ოლიმპირი თამაშები და ასე ჩავერთობით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით და გპირდებით, რომ ეს იქნება პირველი ქართველი, რომელიც გახდება მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი კანდელაკს, ვაჟა კვეზერელს და კახეთის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა ლაზაშვილს. მათი გვერდში დგომით, დარწმუნებული ვარ, რომ წინ და წინ წავლთ,“ - ამბობს გიორგი ელიკაშვილი.





ჯული ცინაძე გვიყვება, რომ კრივი ბავშვობიდან მოსწონდა და დიდი სურვილი ჰქონდა, წარმატებული მოკრივე გამოსულიყო.

„მომწონდა youtube-ზე ვიდეოების ყურება, სადაც გოგონები ჩხუბობდნენ. როდესაც ვხედავდი, რომ ასეთი მოტივაციით იყვნენ, მეც მინდოდა, ამ სპორტით დავკავებულიყავი და შემიყვანეს კრივზე. გიორგი მასწავლებელთან 2 თვეა, რაც ვვარჯიშობ და ასეთ მოკლე მანძილზე დავდეთ ასეთი შედეგი. ძალიან კმაყოფილი ვარ. უფრო მეტი და მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპის ჩემპიონატიც მოვიგოთ და კიდევ ბევრი ტურნირი, “ - გვეუბნება ჯული.

მისი საოცნებო ჯილდოა მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის ტიტული. თანაკლასელებისა და ახლობლების გვერდში დგომა დიდ სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი მონდომებით ივარჯიშოს.




„მინდა, N1 მებრძოლი ვიყო. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ეს იქნება. ჩემი კლასელები ბავშვობიდან ძლიერ გოგოდ მიცნობენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეთ პროფესიას დავეუფლებოდი, ბოქსით, ან კიკბოქსინგით დავკავდებოდი. ყველას გაუხარდა ჩემი წარმატება, ყველა ჩემს გვერდშია, სულ მეუბნებიან, რომ წინ და წინ ვიარო. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. უფრო მეტს გავაკეთებ, რომ ყველა გავახარო ჩემი მიღწევებით,“ - ამბობს ის.

ჯული კრივთან ერთად, საბრძოლო ხელოვნებასაც სწავლობს. 12 მარტს მარნეულში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 5 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატის ქამარზე ჯული ცინაძეც იბრძოლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google