სპექტრი+
როგორ გავანეიტრალოთ უარყოფითი ენერგია
სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ისვენებს. თუმცა ზოგჯერ ბინაში, შურიანი ადამიანის ნეგატიური ენერგიის წყალობით, უარყოფითი აურა იქმნება.
პარაფსიქოლოგების თქმით, არსებობს სპეციალური მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი სახლი დავიცვათ უარყოფითი ენერგიებისგან და წლების განმავლობაში სიმშვიდემ და სიმყუდროვემ დაისადგუროს.

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ეპატიჟებით სტუმარს, მეგობარს თუ მეზობელს ყავის დასალევად. მაგრამ შეიძლება, თქვენმა სტუმარმა ბოროტი ენერგია დატოვოს იქ. ამისგან რომ თავი და საკუთარი სამზარეულო დაიცვათ, კედელზე ჩამოკიდეთ ნივრის ასხმა და 5 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. ძველი დაწვით, ახალი კი გამოსაჩენ ადაგილას დაკიდეთ.

ბოროტ თვალს ებრძვის სამზარეულოს მაგიდაზე დადგმული დეკორატიული ქოთანი, რომელშიც მარილი, სამი ნემსი და სამი ლურსმანი იქნება ჩამალული. ხშირად აანთეთ სამზარეულოში წითელი ან ყვითელი ფერის სანთლები. ესეც ცუდ და ბოროტ ენერგიას გაანეიტრალებს.

არასდროს დატოვოთ იქ მდგარი კარადების კარი ღია. ამან შესაძლოა, გაჭირვება მოგიტანოთ. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

აბაზანა არის ის ადგილი, სადაც ხდება უარყოფითი ენერგიისა და ავადმყოფობების ჩამორეცხვა. თუ გსურთ, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგია ჩამოირეცხოთ ორგანიზმიდან, მაშინ აბაზანაში ჩაყარეთ მარილი, ჩაწექით მასში და მოდუნდით. ამ დროს თავს გაცილებით კარგად იგრძნობთ. უძველეს დროში კი ბავშვს სანამ აბანავებდნენ, წყალში რძეს ჩაასხამდნენ და შიგ ვერცხლის მონეტას აგდებდნენ. ამით დარწმუნებულები იყვნენ, რომ მომავალში ბავშვი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდა და არც ავი თვალი მიეკარებოდა.

ასევე თუ პირველ თოვლს გაადნობთ და თქვენს სააბაზანოში დასაბან წყალში გაურევთ, მთელი წელი არანაირი გრიპი, ანგინა და სურდო არ მოგეკარებათ. მაისის წვიმას კი, ამ მხრივ, ნამდვილი მაგიური ძალა აქვს. კერძოდ – მაისის თვის პირველ კვირაში მოსულ წვიმას.

ასევე მაგიური ეფექტი აქვს, თუ დღის რომელ მონაკვეთში იღებთ აბაზანას. დილის აბაზანა ადამიანის სილამაზისთვის არის გათვლილი. თუ ფინანსების მხრივ წარმატებების მოზიდვა გინდათ, ეს შუადღის ხშირ ბანაობას მოაქვს. ასევე, ძალას გმატებთ სავსე მთვარის დროს ღამით ბანაობა. თუ ფინანსურად არ გიმართლებთ, მაშინ კარგია, ხშირად იბანაოთ ხუთშაბათ და შაბათ დღეს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ბანაობის შემდეგ უნდა დაწვეთ დასაძინებლად და იფიქროთ ფულზე. პარასკევ დღეს აბაზანის მიღება სიყვარულში წარმატების გარანტია. კვირა დღეს ბანაობას კი შესაძლოა, მთელი კვირა ცუდი განწყობა მოჰყვეს.

სახლის კარის დაცვა უარყოფითი ენერგიისგან ყველაზე კარგად ვარდის ეკლიან ყლორტებს შეუძლიათ. თუ გსურთ, კეთილდღეობამ დაისადგუროს ბინაში, შესასვლელში, კარის პირდაპირ ჩამოკიდეთ ვარდის ეკლიანი ტოტები, ან შეგიძლიათ, ისინი ფეხის საწმენდის ქვეშაც ამოდოთ. არასდროს დატოვოთ კარი ოდნავ შეღებული, რადგან ამ დროს უარყოფითი ენერგია ადვილად შემოდის, თან ისე, რომ დაბრკოლება არ აქვს. სასწრაფოდ შეაკეთეთ ან გამოცვალეთ გაფუჭებული საკეტი.

საერთოდ, გასაღებს უდიდესი მაგიური თვისებები აქვს. მაგალითად, თუ პატარა გასაღებს ჩამოიკიდებთ გულზე, მაშინ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და ადვილად გააღებთ ნებისმიერი საქმის კარს. ეს გასაღები შესაძლოა, იყოს ოქროს ან ვერცხლისგან დამზადებული. ყველა ჩვენგანმა უნდა მიაქციოს მსგავს რაღაცეებს ყურადღება. სულაც არ არის რთული ნივრის აცმის დაკიდება სამზარეულოში, ვარდის ეკლიანი ტოტის დადება ფეხსაცმლის საწმენდის ქვეშ და გაფუჭებული საკეტის გამოცვლა კარზე, მით უფრო, თუ ეს თქვენს ცხოვრებას რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის.
| Print |
FaceBook Twitter Google