ჩემი არჩევანი
ამომრჩეველთა ერთიანი სიები და გადამოწმების გზები
ამომრჩეველთა ერთიანი სიების შედგენა საარჩევნო პროცესის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის მუდმივია, მაგრამ სისტემატურად ხდება მისი განახლება. განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციტივო ჯგუფებისათვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისათვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).
გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, ერთიანი საარჩევნო სიების განახლება წელიწადში ოთხჯერ ხდება.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთელი წლის მანძილზე აქვს სიები. მათი განახლება ოთხჯერ - პირველ თებერვალს, პირველ მაისს, ხუთმეტ ივლისს და პირველ ნოემბერს ხდება. ცვლილება ეხება: გარდაცვლილებს, მათ ვისაც თვრამეტი წელი შეუსრულდა, ვინც საზღვარგარეთ წავიდა ან ჩამოვიდა და ა.შ. საარჩევნო სიებში ცვლილებებთან დაკავშირებით ჩართულია სხვადასხვა სამინისტროები და უწყებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მის კომპიუტერულ დამუშავებასა და თავის გვერდზე განთავსებაზე.“

ამომრჩეველს სიაში საკუთარი თავის გადამოწმება რამდენიმე გზით შეუძლია. როგორც მაია ჩუთლაშვილი ამბობს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავა.
„თუ პიროვნება შევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარ გვერდზე, ნახავს ასეთ ფანჯარაა: ამომრჩეველთა სია, სადაც შეიტანს პირად ნომერს და გვარს. იქ დაფიქსირებულია მისი მონაცემები და ისიც, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს ფუნქცია, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებსაც აქვს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისია დაიწყებს მუშაობას, პირველივე დღეს ჩვენ მათ ვაწვდით ერთიანი ამომრჩეველთა სიის ნაწილს, რომელიც მათ უბანს შეესაბამება. დაინტერესებულ პირს შეუძლია მივიდეს და გადაამოწმებს თავისი მონაცემები. სწორად ამის გამო იხსნება საარჩევნო უბნები ერთი თვით ადრე. ასევე შეუძლიათ ტელეფონით გადამოწმება. მოკლედ, ძალიან გამარტივებულია პროცედურები, რომ ეს ინფორმაცია მოვიძიოთ.“

მაია ჩუთლაშვილის თქმით, სიაში უზუსტობის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა.
„უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მათ არასაარჩევნო პერიოდშიც ნებისმიერ დროს მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, ეს პროცესი ვადებშია გაწერილი. ამომრჩეველმა არაუგვიანეს მე-18 დღისა უნდა მიმართოს როგორც საუბნო საარჩევნო კომისიას, ასევე საოლქოს. საკითხის განხილვა მოხდება ორი დღის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ კომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ვაცნობებთ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიას, ასევე ცენტრალურს. მაგრამ თუ ცვლილებაზე უარს ვამბობთ, მაშინ პიროვნებას აქვს უფლება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორი დღის ვადაში გაასაჩივროს რაიონულ სასამართლოში. სასამართლო თავის მხრივ, ორი დღის ვადაში განიხილავს და მოგვაწვდის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ინფორმაციას გადავცემთ, ისევ საუბნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს მე-13 დღისა.“

მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, 2016 წლის არჩევნებზე, სიებში გამორჩენის შემთხვევები არ ყოფილა. ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, მსგავი განაცხადებიც არ შესულა.
ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვარიანტი (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
| Print |
FaceBook Twitter Google