მატიანე
გურჯაანის „ალაზანის“ ისტორიული ფურცლები
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.


როგორც სპორტული გაერთიანების კოორდინატორი ნიკოლოზ ძველიშვილი გვიყვება, იმ დროისთვის სტადიონი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იყო და ყველა მატჩი იქ ტარდებოდა.
„კოლმეურნე იმ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამის მერე მიიღეს მონაწილეობა საკავშირო პირველობაზე - „ოქროს თავთავის თასი“. ეს დაახლოებით 1958-59 წლებში ხდებოდა. მას შემდეგ, რაც გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შვიდი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ყველა მათგანი დაჯილდოებული იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით, ეს იმ პერიოდში დიდ მიღწევად ითვლებოდა. “

ნიკოლოზ ძველიშვილის თქმით, სტადიონი ცხრა აპრილის ქუჩაზე 1963 წელს გადაიტანეს, რომელიც დახლოებით 15 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. იქ ტარდებოდა ამხანაგური მატჩები: მინსკის დინამოსთან, მოსკოვის ტორპედოსთან, თბილისის დინამოსთან და სხვა. მისივე თქმით, 1964 წელს უკვე „ალაზანი“ შეიქმნა, სადაც ცნობილი მწვრთნელები მოიწვიეს. გუნდი ჩამოსული ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, აქედან მხოლოდ რამდენიმე იყო ადგილობრივი.
„იმ პერიოდში რაიკომის მდივნად გივი აზაურაშვილი დაინიშნა. ეს იყო 28 წლის ენერგიული ახალგაზრდა კაცი. მისი დახმარებით შეიქმნა B კლასი. მოიწვიეს ცნობილი დამსახურებული მწვრთნელები: ნესტორ ჩხატარაშვილი, ანდრო ზაზლოევი და მიშა კვირიევი. იმ გუნდში მხოლოდ სამი გურჯაანელი თამაშობდა: მღებრიშვილი, გალუსტოვი და ოსიაშვილი. დაახლოებით 1970 წლამდე ვიყავით საკავშირო პირველობის მონაწილე. კარგი ის იყო, რომ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, მთავარი მწვრთნელი იყო ვიქტორ ბანიუკოვი. სწორედ მისი აღზრდილები არიან: გივი (პაშა) ყალაბეგაშვილი, გურამ გიოშვილი, გოგი (ცანა) ბეროშვილი და ძალიან ბევრი კარგი ბიჭები, მაგრამ 1970 წელში აღარ იყო დაინტერესება და გუნდი B კლასიდან გავარდა.“

ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ 1976 წელს სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. იმ პერიოდში გუნდმა საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი აიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, „ალაზანს“ სათავეში მიხეილ ფურცელაძე ჩაუდგა და გუნდი ისევ ჩამოსული ფეხბურთელებით დააკომპლექტა.
„ჩვენთან თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: გურამ ვასაძე, რომან ცირეკიძე, კირვალიძე და სხვა. იმ პერიოდში შეიძლება გამოვარჩიოთ ასევე ადგილობრივი ფეხბურთელები: გოგა ჭელიძე, ილო ნადაშვილი, ლავრო აბრამიშვილი, გოგლიკა ოსიაშვილი, მარლენი შავგულიძე, ბერდო ხანიაშვილი და ა.შ. მაგრამ ეს გუნდიც დაიშალა და იმის მერე ფაქტობრივად გურჯაანში ფეხბურთი „მოკვდა.“

როგორც ნიკოლოზ ძველიშვილი ამბობს, ფეხბურთს საბჭოთა კავშირის დროს უფრო ჰქონდა მხარდაჭერა და განვითარების შესაძლებლობა.
„გვქონდა საკუთარი ბაზა სოფელ ზეგაანში, სადაც ეხლა ღვინის ქარხანაა. იქ იყო საერთო საცხოვრებელი და სტადიონი. მაშინ აქტიურად მუშაობდა ღვინის ქარხნები, იყო კოლმეურნეობები, ყველას მიმაგრებული ჰყავდა ფეხბურთელი და ინახავდნენ, აძლევდნენ ხელფასს. დღეს წარმოება-დაწესებულებები ცოტაა, რაც არის, ისიც კერძოა. თუ ინვესტორი არ გამოჩნდა, რომელიც ფულს ჩადებს გუნდში, ისე ძალიან ძნელია სახელმწიფოს ხარჯზე არსებობა. ფეხბურთი მარტო ფეხბურთი არ არის, ეს არის ბიზნესიც. ყიდულობენ - ყიდიან და ა.შ.“
საფეხბურთო კლუბმა ალაზანი საქართველოს უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგს მიაღწია 1992-93 წლებში, როდესაც მე-3 ადგილი დაიკავა. უმაღლესი ლიგის მეოთხე გათამაშებაში გამარჯვებული გახდა თბილისის „დინამო“, მეორე ადგილზე გავიდა თბილისის „შევარდენი-1906“, მესამეზე კი – გურჯაანის „ალაზანი“. ამ პერიოდში გუნდს ოთარ გაბელია ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება გუნდის დღევანდელ მდგომარეობას, ახალი შემადგენლობით 2 თვის წინ შეიკრიბა. გურჯაანის „ალაზანი“ ამ დროისთვის მეხუთე ლიგაში თამაშობს. სულ 18 ფეხბურთელი ჰყავთ, მათგან 5 მოწვეულია, სამი ლაგოდეხიდან, 2 - თელავიდან.
ძირითად ფოტოზე არიან: ზედა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ ლავრო აბრამიშვილი (მწვრთნელი), გივი (პაშა) ყალაბეგაშვილი, ვაჟა ზაქარეიშვილი, ბერდო გვენცაძე, ვახტანგ ჭუნიაშვილი, არკადი სონღულაშვილი, ვოვა ნარსიძე, გია ჩარკვიანი, ნოდარ მეტრეველი,
თემურ არაყიშვილი, აკაკი სააკაშვილი, მერაბ ბეჟაშვილი, ზურა ჯოხაძე, გოგი (ცანა) ბეროშვილი, თემურ ჩირიკაშვილი და ალექსანდრე რაზმაძე. მათგან მოწვეული ფეხბურთელები არიან: ჩარკვიანი, გვენცაძე, ზაქარეიშვილი.

ფოტოები ეკუთვნის გივი (პაშა) ყალაბეგაშვილს.
| Print |
FaceBook Twitter Google