ვიდეო
უთხარი "არა" თამბაქოს [Video]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 18 წლამდე ასაკის მოზარდზე თამბაქოს მიყიდვა აკრძალულია და ისჯება კანონით, პასუხისმგებელი სტრუქტურები რეგულარულ მონიტორინგს არ აწარმოებენ.
მართალია, ზოგიერთ მაღაზიაში ამკრძალავი ნიშანი თვალსაჩინოდაა გამოკრული, მაგრამ მოზარდები თამბაქოს შეძენას ნებისმიერ სავაჭრო ობიეტში მაინც უპრობლემოდ ახერხებენ. ამას ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც მოწმობს.

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე განმარტავს, სწორედ ამიტომ მოსწავლეთა 10% თამბაქოს მომხმარებელია. მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მავნებელია არა მხოლოდ აქტიური, არამედ, პასიური მწეველობაც.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს.
მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.

მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა მშობლებს:
• ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
• მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
• თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.
• აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები...
• თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას
• დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგი კამპანიას
| Print |
FaceBook Twitter Google