სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მოსახლეობას ბუნებრივი აირის გაყვანა ძვირი უჯდება
იორმუღანლოს თემის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა ბუნებრივი აირია. უკვე წელიწადზე მეტია, რაც სოფელში მაგისტრალი გაიყვანეს, მაგრამ მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ ხაზი სახლამდე შიყვანოს. ამ პრობლემაზე კაზლარის მკვიდრი ასლან გასანოვიც საუბრობს. -"მილები მიწაშია ჩადებული და ისეა გამოყვანილი. ჩვენს სოფელში გაზი საერთოდ არ ყოფილა. შარშან გააკეთეს, სულ ახალი მილები ჩაყარეს, მაგრამ რად გინდა? მარტო ტრასაა გაკეთებული. მოსახლეობას კი სახლში სიძვირის გამო ვერ შეჰყავს. სოფელში სულ 3-4 ოჯახს აქვს. როგორც ამბობენ, ათას ლარამდე ჯდებაო, ეს რა თქმა უნდა, ძვირია და ამიტომ ხალხი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს," _ გვითხრა მან. ბუნებრივი აირის შეყვანის საშუალება არც ამავე სოფელში მცხოვრებ ვაგიფ ქარიმოვს გააჩნია. მისი თქმით, თუკი ფასები შემცირდება, ამ სიკეთით სარგებლობას მთელი სოფელი შეძლებს. -"მაგისტრალი კი არის, მაგრამ საშუალება არ გვაქვს, რომ სახლამდე მივიყვანოთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის. 21-ე საუკუნეში სოფელში გაზი რომ არ იქნება, ხომ სირცხვილია? იქნებ რაღაცით დაგვეხმაროს მთავრობა. სხვა შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა ამ ხაზის შემოყვანას?" _ გვითხრა მან. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს სოფელ ლამბალოს მოსახლეობაც. როგორც მირზა ეიბოვმა აღნიშნა, იმის გამო, რომ სახლში გაზი არ აქვთ, ოჯახის დიასახლისებს ზაფხულშიც კი შეშაზე უხდებათ საჭმლის კეთება. -"მთლიანად სოფელში გაზი არის, რომელიც სოკარმა თითქმის ორი წელია გაიყვანა. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სახლებშიც შეიყვანა, მაგრამ ძვირი დაუჯდათ. მე თვითონ არ მაქვს, იმიტომ, რომ ამის საშუალება არ არის. როგორც გვითხრეს, 400-დან 100 ლარამდე ჯდება და თანხა მანძილზეა დამოკიდებულიო. ზაფხულშიც საჭმელს შეშაზე ვაკეთებთ. იმასაც ხომ მოტანა უნდა, თან ქალები წვალობენ კიდეც ფეჩზე საჭმლის კეთებით."_ გვითხრა მან. როგორც შპს "სოკარ ჯორჯია გაზი – კახეთის" დირექტორმა მიხეილ სამხარაულმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა: -"ბუნებრივი აირის შეყვანა განვადებით ყველა მოსახლეს შეუძლია. მათ უნდა შემოიტანონ განცხადება "სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის" საგარეჯოს ფილიალში. ჩვენი წარმომადგენლები მივლენ სახლში, სადაც შედგება ხარჯთაღრიცხვა. მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება განვადება და თანხა თვეებზე გადანაწილდება. ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მანძილია საცხოვრებელი სახლიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე და რა სიგრძის მილები დასჭირდება ადგილამდე მიყვანას. ასე რომ, წინასწარ ფასს ვერავინ განსაზღვრავს. კიდევ ვიმეორებ, თანხის განსაზღვრა ხდება მანძილის მიხედვით," _ გვითხრა მან. მიხეილ სამხარაულის განმარტებით, განაცხადის შეტანა ყველას შეუძლია, მათი სამსახური კი ეცდება მოსახლეობას მაქსიმალური შეღავათი გაუწიოს. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google