სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ზედმეტად დარიცხული გადასახადები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას, ყოველი თვის განმავლობაში მრიცხველზე დარიცხულ კილოვატებთან ერთად, ელექტროენერგიის ზედმეტი გადასახადებიც მოსდით. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, ამის შესახებ ენერგოდისტრიბუციას ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. iormuganloჩვენთან საუბარში სოფელ ლამბალოს მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ ეს პრობლემა უკვე წლებია აწუხებთ, მაგრამ მისი გადაჭრის გზა დღემდე ვერ მოუნახავთ. -"გადასახადს მუდმივად ვიხდით, მაგრამ მაინც ყოველთვე ჯარიმები გვერიცხება. ადრე ძველი სოჩიკები რომ იდგა, გვეგონა ის წერდა ზედმეტს, ეხლა ახალი დააყენეს, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დენს ეკონომიით ვხმარობთ, მაინც ზედმეტს გვაწერენ. ყოველთვე მოდის დავალიანება, მაგრამ ვერავინ გვეუბნება რისია და საიდან გვერიცხება. თუ არ გადავიხადეთ, მოდიან და გვითიშავენ. სანამ არ დავფარავთ, სიბნელეში ვზივართ. ეს პრობლემა მუდმივად გვაქვს. ყველას ეშველა და ჩვენ ვერაფერი," _ გვითხრა მეხრან მუსაბალიევმა. ნოვრუზ ჯეირანოვის შემოსავალი დედის პენსიაა და ისიც დენის ფულად არ ჰყოფნის. -"სანამ ძველი სოჩიკი იდგა, ყოველთვე 20 ლარს ვიხდიდი, მერე მოვიდნენ და ახლები დააყენეს. როცა შეცვალეს, ჯარიმა 380 ლარი მომივიდა. ერთნაირად როგორ გადავიხდიდი, სად მაქვს ამის შესაძლებლობა?! დედაჩემის პენსიის ანაბარა ვარ და დენის ფულსაც იმით ვიხდი. როდესაც ჩამიჭრეს, ავდექი და ენერგოდისტრიბუციაში წავედი. 120 ლარი გადავიხადე, ხოლო დანარჩენი 6 თვეზე გადამინაწილეს. ის მაინც რომ ვიცოდეთ რის დავალიანებას ვიხდით, კიდევ არაუშავს," _ გვითხრა მან. აიდამირ გაჯიევის თქმით, მარტო ერთეული ადამიანები კი არა, იორმურანლოს თემის მოსახლეობა, ყველა ამ დღეშია. -"შემოდგომას აქეთ 120 ლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ მაინც 210 ლარი ჯარიმა მომივიდა. ისე გამოდის, რომ მთელი საგარეჯოს რაიონის დენის ფული, იორმურანლოს მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს? სადაც გინდა წადი, მაინც აზრი არ აქვს, ყურადღებას არავინ გაქცევს," _ ამბობს ის. iormuganloelebiროგორც ჩვენთან საუბარში ბაირამ მურგუზოვმა აღნიშნა, როდესაც ქვითრები მოდის, იქ არ არის აღნიშნული რამდენი კილოვატია გახარჯული. -"ყველა თავის ნებაზე მოდის, იწერს და მიდის. ამის მერე მოგვდის ჯარიმები 400-500 ლარი. რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან. ქვითრებში არ წერია რამდენი გვაქვს დამწვარი და რის მიხედვით ვიხდით. ეს არავინ არ იცის. უკვე 2 წელია, რაც ამ დღეში ვართ. შარშან საგარეჯოში ვიყავი, 300 ლარი მქონდა ჯარიმა მოსული და უნდა გამერკვია. ვკითხე, საიდან მაქვს ამდენი თანხა დაწერილი, ყოველ თვე 20-30 ლარს ვიხდი-მეთქი, თან გადახდილი ქვითრებიც ვაჩვენე. არ ვიცითო, ასეთი პასუხი გამცეს. აბა ამის შემდეგ ვის რა პაუხი უნდა მოვთხოვო? სახლში მარტო ტელევიზორი, მაცივარი და ლამფუჩკა მაქვს ანთებული, ამდენი რანაირად უნდა დაიწეროს? პლიტებს არ ვხმარობთ, ეს კი არა სვარკაც რომ ჩართო, ყოველთვე მაინც ამდენს ვერ დაწერს," _ გვითხრა მან. როგორც ჩვენთან საუბარში კახეთის ენერგოდისტრიბუციის გაკოტრების მმართველმა აკაკი ბეგაშვილმა განაცხადა, ამ სოფლების პრობლემა მისთვის კარგადაა ცნობილი. -"ჩემზე კარგად არავინ იცის რა მდგომარეობაა აზერბაიჯანულ სოფლებში. ის ზედმეტი თანხები, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, არის დავალიანება, რომელიც მათ თვეების მანძილზე გადაუხდელობის გამო დაუგროვდათ. ამიტომ ჩვენ გვყავს მივლინებული ჯგუფები, რომლებიც იმ აბონენტებს, რომლებსაც ერიცხებათ დავალიანება და არ იხდიან გადასახადს, სთავაზობენ, რომ ეს თანხა ეტაპობრივად დაფარონ. თუ მოსახლეობა ამაზე არ წამოვიდა, მაშინ იძულებულები ხდებიან ელექტროენერგია ჩაუჭრან, მანამდის სანამ არ გადაიხდიან. რაც შეეხება იმას, რომ დამწვარი კილოვატების რაოდენობა ქვითრებზე არ არის აღნიშნული, აბსურდია," _გვითხრა მან. აკაკი ბეგაშვილის განმარტებით, ამჟამად იორმუღანლოს თემის სოფლებში მიმდინარეობს გამრიცხველიანება და კახეთის ენერგოდისტრიბუცია ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლებას. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google