სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
საგარეჯოს გამგებელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს (შეზღუდული შესაძლებლობების საზოგადოება) დირექტორი_ზაზა მაისურაძე, რევაზ ბაჩოშვილი და გიორგი ადუაშვილი და დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, მათ ბრალად ედებათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხის, 80 ათასი ლარის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი კი მუნიციპალიტეტის გამგებელს და სხვა დაკავებულებს თავდებში უდგება და აცხადებს, რომ მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს: -”აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“_განაცხადა დეპუტატმა. თინა ხიდაშელს იმედი აქვს, გამოძიება სიმართლეს დაადგენს. აქვე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი. 12 ივნისს, საქართველოს შეინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი. გამოძიების თანახმად, მათ სოფელ კაჭრეთში მდებარე საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვაჟა არუთინაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ასევე განიხილება კაჭრეთის რწმუნებულის გივი რამაზაშვილის გათავისუფლების საკითხიც. შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.Eასევე ქრთამის აღების ბრალდებით აიყვანეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დავით ვარადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ზურაბ კახეთელიძე.
| Print |
FaceBook Twitter Google