სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
განახლებულ ბაზარში მოვაჭრეები და მეპატრონე ვერ თანხმდებიან
უკვე წლებია, რაც იორმუღანლოს აგრალური ბაზარი ფუნქციონირებს და საგარეჯოსთან ერთად, მეზობელი რაიონების მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საარსებო წყაროა. გასულ წელს ის კერძო მესაკუთრის შპს "იორი G"-ს მფლობელობაში გადავიდა. bazari2მეპატრონემ გადაწყვიტა მყიდველისა და გამყიდველისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. ტერიტორიის მოწყობა და რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობს. ბაზარს დაემატა სექციები და ჯიხურები. მოვაჭრეები, რომლებიც თითქმის ოცი წელია ოჯახებს ამ გზით ინახავენ, შექმნილი გარემო-პირობებით კმაყოფილები არიან. თუმცა ზოგი მათგანის თქმით, ყოველთვიური გადასახადი ძვირია და ქირის გადახდა უჭირთ. ფახრათ მუსტაფაევი კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას იორმუღანლოს ბაზარზე შერეულ საქონელს ყიდის. უკვე ოცი წელია ასე გრძელდება. ქირას თვეში 50 ლარს იხდის. -"50 ლარი ბევრია. კი ვიხდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ცოტა გაიაფდება ქირა," _ გვითხრა მან. -"პროდუქტს ვყიდი, ბოსტნეულს, უკვე თექვსმეტი წელია აქ ვვაჭრობ. ორი ჯიხური მაქვს აღებული და ას ლარს ვიხდი. რა ვიცი ნორმალური თანხაა, უკმაყოფილო არ ვარ," _ ამბობს ალმარ შამბათოვი. -"აბსოლუტურად ყველა ქვითარი გვაქვს ადგილზე. ვინ რამდენს იხდის. გადასახადი დაწესებულია იმის მიხედვით, ვინ რას ყიდის და საქონელი რა ფართზე აქვს. მწვანილის გამყიდველი თვეში ოცდაათ ლარს იხდის. შერეულ პროდუქტზე ქირა თვეში 50 ლარია. ზოგს ორი ჯიხური აქვს აღებული და 100 ლარს იხდის. თითოეულ მათგანს ეძლევა ქვითარი, ყველაფერი აღნუსხულია. ეს გადასახადი ძვირი არ არის, საშუალო თანხაა, მათი ვაჭრობის მიხედვით. ეს შპს კიდევ მთავრობას ხომ უხდის ფულს, სხვაგვარად როგორ იქნება?!" _ გვითხრა ბაზრის ადმინისტრატორმა სულეიმან ჯეირანოვმა. მისივე თქმით, არიან მოვაჭრეები, რომლებსაც სექციების, ჯიხურების დარეგისტრირება არ სურთ, რომ ყოველთვიური გადასახადი არ დაეკისროთ. -"ზოგს ქირის გადახდა არ უნდა ხოლმე. ამიტომ არც დახლებს იფორმებენ. რომ ივაჭრებენ, წამოკრეფენ საქონელს და გარბიან. იმედია, ეს პრობლემა მოგვარდება." ამ გარკვეული გაუგებრობის მიუხედავად იორმუღანლოს ბაზარზე მოვაჭრეები შემოსავლით კმაყოფილები არიან. თავის მხრივ მათაც იმედი აქვთ, რომ ადმინისტრაციასთან საერთო ენას გამონახავენ. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google