სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ეთნიკური აზერბაიჯანელები საპრეზიდენტო კანდიდატებზე მსჯელობენ
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორნახევარი თვეა დარჩენილი. "სპექტრი" დაინტერესდა, რა განწყობაა იორმუღანლოს თემის მოსახლეობაში, რას ფიქრობენ ისინი დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით და ვის უჭერენ მხარს. ჩვენს მიერ დასმულმა კითხვამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უმრავლესობას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. etnikuri azerbaijanelebi saprezidento kandidatebis shesaxeb saubroben-"ორი თვე კიდევ წინ არის. ასე რომ, კარგად დავაკვირდები მათ გამოსვლებს, მოვუსმენ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე არ ვიცი, კონკრეტულად ვის მივცემ ხმას," _ გვითხრა აზიმოვ ალიმ. იორმურანლოელები ამბობენ, რომ მათთვის სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ქვეყნის პრეზიდენტმა ის პრობლემები მოაგვაროს, რაც აწუხებთ. -"ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება პრეზიდენტი. მთავარია, ხალხის პრობლემები გადაჭრას, თორემ ბაქრაძე იქნება ის გვარად თუ მარგველაშვილი რა მნიშვნელობა აქვს. რომელსაც შევატყობ, რომ ხალხისთვის ლაპარაკობს და ეს მხოლოდ ტყუილი ლაპარაკი არ იქნება, იმას შემოვხაზავ," _ ფიქრობს ინუზ ბაირამოვი. -"სულ ერთია ვინ იქნება პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მან გაყიდული მიწები დაგვიბრუნოს. ყველაზე მთავარი იორმუღანლოელებისთვის ეს არის," _ ამბობს ჰამზარ ალიევი. etnikuri azerbaijanelebi saprezidento kandidatebis shesaxeb saubroben,2ისაბ ალიევი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დავით ბაქრაძე უნდა გახდეს. -"ჩვენც ქალაქელებივით ვცხოვრობთ. წყალი ჩვენ არ გვაქვს და მიწა. სარწყავი არხიც კი არ არის, რომ ცოტაოდენი ნათესი რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუაროთ და არ გადაგვიხმეს. ლობიო აქ არ არის, კარტოფილი და ნიორი. აბა, ამას ჰქვია სოფლად ცხოვრება? მინდა, პრეზიდენტი დავით ბაქრაძე იყოს. ჭკვიანი კაცია და მგონია, რომ ხალხს რაღაც ეშველება. ვუყურებდი ტელევიზიით მაგის გამოსვლებს პარლანმებტის თავმჯდომარე რომ იყო და მომწონს, როგორც აზროვნებს," _ გვითხრა მან. ზოგი კი ფიქრობს, რომ საუკეთესო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა. -"მინდა, ხალხმა ნინო ბურჯანაძეს დაუჭიროს მხარი. ნიჭიერი ქალბატონია, სამართლიანი და ქვეყანას კარგად გაუძღვება," _ გვითხრა ერთ-ერთმა იორმუღანლოელმა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა. ასე, რომ ადგილობრივების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ განსჯის რეჟიმშია და კონკრეტული კანდიდატის დასახელებისგან თავს იკავებს. თუმცა მომავალ პრეზიდენტებს მთავარ მესიჯებს უგზავნიან და რაღა თქმა უნდა, მათი ნომერ პირველი გზავნილი გაყიდული მიწების დაბრუნებაა. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google