სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ალმადად გულიევი ცხვრის ფარის გაყიდვას ვერ ახერხებს
mwkemsi2იორმუღანლოს თემში მცხოვრები ალმადად გულიევი მესაქონლეობას მისდევს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ საქმიდან არაფერი რჩება. -"ათას სულამდე ცხვარი მყვას. ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო თითქოს ესაა, მაგრამ ტყუილი წვალება გამოდის. ბარში ბინა არ მაქვს, რომ პირუტყვი გავაჩერო. ეხლა მთაში მყავს გარეკილი. მაგრამ აქ რომ ჩამოვიყვან სად დავაბინავო არ ვიცი. ფერმის ქირით აღებაც ძვირი ჯდება,"_ წუხს ის. მისივე თქმით, ზოგჯერ ფიქრობს, რომ საქონელი სულ გაყიდოს და სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. -"ხალხი ცხვარს არ ყიდულობს, საქართველოში კლიენტი არ არის. მთავრობა კიდევ არაბებს არ უშვებს, რომ მათ მაინც იყიდონ. აჰა, ხვალევე მინდა, რომ წავიყვანო და გავყიდო, მაგრამ ბაზარზე ამის გასაქანი არ მეძლევა. იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, საქართველოში მუშტარი არ არის." მსგავს პრობლემაზე ჩვენთან არაერთი მწყემსი საუბრობს. გასულ ერთ-ერთ ნომერში იგივე საწუხარზე გვიამბობდა ნასიმ მამედოვიც. -"ცხვრის შენახვა ძნელია, ბინას ძვირად მაქირავებენ. ოთხი თვით რომ ვიქირავე, ოცდაათი ათასი ლარი გამომართვეს. გამოვაზამთრე საქონელი და წამოვიყვანე. ჩვენც ხომ ცოდონი ვართ, ხომ შეიძლება ფერმების მეპატრონეებმა მეცხვარეების მდგომარეობა გაითვალისწინონ, მე ხომ მწყემსიც უნდა ვიქირავო და ფული იმასაც გადავუხადო,"_ ყვებოდა ის. -"შარშან ცხვრის მოვლა-პატრონობა ოცდაათი ტონა ქერი და ორი ათასი პრესი დამიჯდა. ბატკანი კიდევ ნახევარი დამრჩა, ფაქტიურად ვიზარალე. საერთოდ, კარგი ცხვრის გასაყიდი ფასი 120-130 ლარია, მაგრამ მოგებას ვერ გაიგებ რამდენია. ხან გამოდის რაღაც, ხან _ არა. არადა, რომ ვთქვა მთავრობის ბრალია-მეთქი, ამ შემთხვევაში მთავრობას რა მოვთხოვო. მე ვინც ფერმას მაქირავებს, იმ ქალს კერძო მფლობელობაში აქვს და თვითონ რამდენსაც უნდა, იმდენს დაადებს ფასს,"_ გვითხრა ნასიმ მამედოვმა. დღესდღეობით მესაქონლეობა, ისევე როგორც სხვა დარგები, კერძო საქმიანობის სფეროა, სადაც ურთიერთობას კონკრეტული პირები (მყიდველი, გამყიდველი, მესაქონლე, ფერმის მეპატრონე) თავად არეგულირებენ. შესაბამისად, მთავრობა ასეთ საკითხებში ჩარევისგან თავს იკავებს. მწყემსები კი ითხოვენ, რომ მათი პრობლემა ხელისუფლებამ გაიზიაროს და გამოსავალის ძიებაში დაეხმაროს. საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ კომერციული საქმიანობები არც ერთ ქვეყანასთან არ არის აკრძალული და შესაძლოა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google