სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ქეშელოელები სოკარ გაზს უბნების სრულად გაზიფიცირებას სთხოვენ
ბინათოვი ნაბი, იმინოვ შამში და იაშირ მამედოვი ერთმა პრობლემამ გააერთიანა. ეს ადამიანები იორმუღანლოს თემის, სოფელ ქეშელოში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანას ვერ ახერხებენ, რადგან ცენტრალური მილსადენი მათი უბნიდან 300 მეტრითაა დაშორებული, რაც თავისმხრივ, დამატებით ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს. -"ჩვენს უბანში გაზი არ არის. მილები ძალიან შორსაა და სახლში შეყვანა გვიჭირს. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს. სულ გვპირდებიან, გვპირდებიან, მაგრამ რად გინდა, საქმეს არავინ აკეთებს,"-გვითხრა ნაბი ბინათოვმა. როგორც შამში იმინოვი ამბობს, მათ მდგომარეობაში კიდევ თხუთმეტი ქეშელოელია. -"უკვე რამდენჯერ ვიყავი საგარეჯოში, აღარც კი მახსოვს. ამბობენ, გავაკეთებთო, მაგრამ მარტო გვპირდებიან. საშველი კი არ ჩანს.Gგაზის მილები სადაც არის გაყვანილი, იქიდან ჩვენს სახლამდე კიდევ 300 მეტრია. ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ამ დაპირებებში უკვე თითქმის ორი წელი გავიდა. 18 ოჯახი ვართ ასეთ დღეში. რაიონში სოკარის ოფისშიც ვიყავი, განცხადება ჩავიტანე, სადაც ეს 18 ოჯახი დახმარებას ვითხოვთ. ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ მივაკითხე." იაშირ მამედოვის თქმით, გაზგაყვანილობის მონტაჟი იმ ოჯახებისთვისაც კი ძვირია, რომლებიც ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს ცხოვრობენ. "გაზის მილები ახლო ვის სახლთანაც არის, მათ რომ სახლში შეყავთ, 500 ლარზე ნაკლები არ უჯდებათ. ეხლა წარმოიდგინეთ, 300 მეტრით რომ არის დაშორებული, რა ეღირება?"-ამბობს იაშირ მამედოვი. აღნიშნული საკითხის შესახებ "სპექტრი" "სოკარ გაზის" წარმომადგენლობას დაუკავშირდა. "სოკარ გაზის" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის მთავარი ინჟინერი თეიმურაზ ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაზიფიცირება დამატებით კიდევ განხორციელდეს, თუმცა აცხადებს, რომ რეალური პრობლემა სახლებიდან დაცილებული ბუნებრივი აირის მილები არ არის. -"შესაძლოა, განცხადება ჩვენთან ნამდვილად შემოიტანეს, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, სოკარის ცენტრალურ ოფისს უნდა მიმართონ. მაგალითად, სოფელ ხაშმში უბნები გამორჩენილი იყო და დააფინანსეს, 3,5 კილომეტრს კიდევ აკეთებენ. შესაძლებელია მაგათთანაც ასე მოხდეს. დაახლოებით ხუთი წელია, რაც მანდ გაზიფიცირება მოხდა. დღესდღეობით მაგ დასახლებაში 5000 პოტენციური აბონენტი მაინც უნდა გვყავდეს, მაგრამ რელურად 300 აბონეტიც კი არაა. ასე რომ, ახლოსაც არიან, მაგრამ მაინც არ გაჰყავთ. განვადებითაც კი შეუძლიათ, რომ სახლში ბუნებრივი აირი შეიყვანონ, მაგრამ ეს მიზეზია უბრალოდ. მაგათ ბინები არ აქვთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, პრობლემები ექმნებათ, საბუთების მოტანა უჭირთ,"-აღნიშნა მან. qeshelo2 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2012 წლის 28 ივნისის დადგენილების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების სურვილს გამოთქვამს, გაზიფიცირების საერთო ღირებულებას ორ წელიწადში დაფარავს. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ ახალი აბონენტის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება, მის მიერ მოთხოვნის დაფიქსირებიდან 15 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google