სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
უსინათლო მადნა ქაზუმოვა ხუთი თვის დაკარგულ პენსიას ითხოვს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი უსინათლო მადნა ქაზუმოვა პირველი ჯგუფის ინვალიდია. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო გასული 5 თვის პენსია არ მიუღია. საკითხში გასარკვევად ქალბატონმა "სპექტრს" მიმართა. მისი პრობლემის შესახებ "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახური და სოციალური მომსახურების სააგენტო გვპასუხობს. მადნა ქაზუმოვას გასაჭირი მის თანასოფლელებსა და მეზობლებსაც აწუხებთ. სწორედ მათ გვითხრეს ამ ქალბატონის პრობლემის შესახებ და მასთან მიგვიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად საუბარი უჭირდა, ძმის დახმარებით შეეცადა თავისი ამბავი დეტალურად მოეთხრო. -"ვარ 53 წლის, უსინათლო, პირველი ჯგუფის ინვალიდი. 2011 წლის დეკემბრის და 2012 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის თვეების პენსია არ მიმიღია. საერთოდ, საპენსიო ბარათის მინდობილობა დედაჩემის, ფარი ქაზუმოვას სახელზე იყო გაკეთებული. დედა 2011 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა. სწორედ ამ დროიდან ვეღარ ვიღებდი თანხას. 20 დეკემბერს პენსია არ მომივიდა. 2012 წლის 15 მაისიდან კვლავ ვიღებ კუთვნილ დახმარებას. ამ დროიდან (2012-ის 15 მაისიდან) 2013 წლის მაისამდე მინდობილობა ჩემს ბიძაზე, სოინ ქაზუმოვზე გაფორმდა. ახლა კი მეორე ბიძის, ისმაილ ქაზუმოვის შუამავლობით ვიღებ პენსიას, მაგრამ იმ თვეების 500 ლარს რატომ არ მინაზღაურებენ? იმრან ალიევს (პიროვნება, ვინც იორმუღანლოელების პენსიები მიითვისა, ამის შესახებ სპექტრი #17(385)-ში წერდა) რომ ვთხოვეთ, აეხსნა, რაში იყო საქმე, გვითხრა, შენს პირადობაში სახელი შეცდომით წერია (ქალბატონ მადნას პირადობაში უწერია სახელი მატნა. ავტ.) და მიზეზი ეგ არისო. აბა იქამდე როგორ ვიღებდი, პირადობა 2006 წელს არის გაცემული, ახლაც ხომ ისევ მეძლევა ამავე პირადობით?"-გვითხარა მან. "სპექტრი" შეეცადა ამ ქალბატონს პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა. ჩვენ მის შესახებ ინფორმაცია "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურს გადავუგზავნეთ.ბანკიდან გვაცნობეს, რომ საკითხის გადაჭრა მათი კომპეტენცია არ არის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გადაგვამისამართეს. ამის შემდეგ "სპექტრმა" ვითარების გარკვევის მიზნით კითხვები-რატომ ვერ მიიღო მადნა ქაზუმოვამ აღნიშნული ხუთი თვის პენსია? და რა კონკრეტული რეაგირების მოხდენაა ამ ეტაპზე შესაძლებელი?-სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სპეციალისტს რამაზ ადამიას გადაუგზავნა. როგორც რამაზ ადამიამ სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, მათი დეპარტამენტი ამ ინფორმაციას დეტალურად შეისწავლის და პასუხს მომდევნო კვირაში მოგვაწვდის. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google