სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
საატესტატო გამოცდების შედეგებს დუზაგრამის სკოლაში დადებითად აფასებენ
საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი საჯარო სკოლებში უკვე დასრულდა. საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაში გამოცდების პირველი ეტაპით, სკოლის პედაგოგებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან. როგორც ჩვენთან საუბარში მე-12 კლასის მოსწავლემ ნიჯათ მამედოვმა აღნიშნა, ბარიერი გადალახა და შედეგით ძალიან კმაყოფილია. -"ტესტირება კარგად გავიარე. მართალია, ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობ, მაგრამ გეოგრაფია მაინც განსაკუთრებულად მიყვარს და მეადვილება, ამიტომ ყველაზე დიდი ქულა სწორედ ამ საგანში ავიღე. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში ვაპირებ ჩაბარებას, მინდა პროგრამისტი გამოვიდე, ამისთვის ვცდილობ უფრო უკეთესად ვისწავლო."-გვითხრა მან. ბარიერი ყველა საგანში გადალახა და კარგი ქულებიც მიიღო, ამავე სკოლის მოსწავლემ ფარიზ ალახვერდიევმა. -"ძალიან ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე კარგი ქულები გეოგრაფიასა და ფიზიკაში ავიღე. შედეგებით კმაყოფილი ვარ. სწავლის გაგრძელებას სამედიცინოზე ვაპირებ, მინდა კბილის ექიმი გამოვიდე. იმედია, ჩემს ოცნებას აუცილებლად ავისრულებ." დუზაგრამის სკოლის დირექტორის კიას აბუზაროვის განმარტებით, მართალია,ზოგიერთი მოსწავლე რამდენიმე საგანში ჩაიჭრა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგებით უკმაყოფილო მაინც არ არის. -"მე-12 კლასში თორმეტი მოსწავლე გვყავს. საატესტატო გამოცდები ზოგმა ჩააბარა, ზოგმა ვერა, ამის მიუხედავად მაინც არა ვართ უკმაყოფილო. ტესტირება კომპიუტერის საშუალებით ხდებოდა, ვინც ეხლა ვერ გადალახა ბარიერი, გაზაფხულზე საშუალება ექნება საგანი განმეორებით ჩააბაროს. ნაწილობრივ ბავშვების ბრალიც იყო. ტესტირებისთვის ერთი საათი ჰქონდათ დრო, ისინი კიდევ თხუთმეტ წუთში გამოვიდნენ."-აღნიშნა მან კიას აბუზაროვის თქმით, დამამთავრებელი კლასიდან წელს 7 მოსწავლე აპირებს უმაღლესში ჩაბარებას. -"შარშან ჩვენი სკოლიდან რვა მოსწავლე აბარებდა უმაღლესში და აქედან ხუთი ჩაირიცხა. ერთი სამედიცინოზე უფასოზეც მოხვდა. დანარჩენები კი სხვადასხვა ფაკულტეტებზე გადანაწილდნენ. ეს რა თქმა უნდა კარგი შედეგია. სკოლის პედაგოგებიც და თვითონ ბავშვებიც გახარებულები ვართ. იმედი გვაქვს წელსაც კარგი შედეგი გვექნება. მათი სწავლის ხარისხი და უმაღლესში ჩაბარება ძირითადად მათ მშობლებზეა დამოკიდებული. თუ მშობელი მოწადინებულია, რომ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს, მაშინ ყველანაირად ხელს უწყობენ,"-გვითხრა მან. კიას აბუზაროვის თქმით, ბავშვების უმრავლესობა საქართველოში აგრძელებენ სწავლას. ვისაც სწავლა არ უნდა ისინი საზღვარგერთ მიდიან სამუშაოდ. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google