არჩევნები 2016
"დღეს ქართველი მევენახე არის უყურადღებოდ"- გიორგი ღვინიაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
განცხადების გაკეთებამდე მათ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირების კადრები ეკრანზე უჩვენეს.

„ივანიშვილი ურცხვად განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ იმაზე მეტი გააკეთა, რაც 2012 წელს დაპირდა ხალხს. ის ამტკიცებს, რომ წელს კახეთში რთველი წარმატებულად მიდის მაშინ, როდესაც რქაწითელის ფასი არის 80 თეთრი. ისიც აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით ლარი გაუფასურებულია 40%-ით. ივანიშვილი ამბობდა, სამარცხვინოა ყურძენი რომ ლარი ღირდესო, დღეს ამბობს რომ ხელისუფლების მიმართ მუდმივი მოთხოვნა არ უნდა იყოს, რომ ყურძენი 1 ლარზე მეტი ღირდეს. დღეს ქართველი მევენახე არის უყურადღებოდ. არავინ აქცევს ყურადღებას როცა თავს ატყდება სტიქიური უბედურება, არავინ აკონტროლებს შესაწამლ, უხარისხო მასალებს, რამაც წელს კახელ გლეხს მოსავალი გაუნახევრა. 2012 წელს გლეხები მაშინვე იღებდნენ ყურძნის ანაზღაურებას, დღეს კი დაახლოებით 20 სამუშაო დღეში“, - განაცხადა ბრიფინგზე ღვინიაშვილმა.

ახმეტა-თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის შაქრო ტერტერაშვილის თქმით, რქაწითელის  მინიმალური ფასი 1 ლარი უნდა იყოს.

„ჩვენს დროს გლეხი როცა იწყებდა ვენახის სამუშაოებს, იცოდა გარანტირებულად რა ფასი უნდა მიეღო და შესაბამისად ხარჯებს ითვლიდა ისე. ეს წლებია ვუყურებთ, რომ ხელისუფლება თავიდან ურცხვად იძახის, რომ 1 ლარი იქნება ფასი, შემდეგ იძახის, რომ 35 თეთრი ჯდება თვითღირებულება და 40 და 50 თეთრს თუ გადაუხდიან, გლეხი მოგებული დარჩება."

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით 22 სექტემბერს თელავში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სპექტრის" კითხვაზე, რომელიც ყურძნის ფასს და 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებას ეხებოდა,  განაცხადა, რომ "თუ გინდათ ჩემს ნათქვამს დღესაც გავიმეორებ. ლარი კი არა, უფრო მეტი უნდა ღირდეს ყურძენი."

| Print |
FaceBook Twitter Google