არჩევნები 2017
ზეწოლისა და უკანონო აგიტაციის ფაქტები კახეთში
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და პოლიტიკური ტემპერატურაც დღითიდღე იმატებს.
„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებთ, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს.

-„როგორც წინა არჩევნების დროს, ახლაც, ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს და გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ჩვენთვის ცნობილია, რომ სოფლებში, სკოლის დირექტორები და ასევე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები პირდაპირ ითხოვენ პედაგოგებისგან, რომ ბიულეტენებზე ოთხკუთხედი და სამკუთხედი აღნიშვნები გააკეთონ. ეს რა თქმა უნდა, ზეწოლაა ამომრჩეველზე. ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, საკუთარი არჩევანი გააკეთონ. სოფლებში მიდის მუქარა მოსახლეობაზე გამგებლის წარმომადგნელების მხრიდან, რომ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას თუ არჩევანს მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ. ვერცერთ სოფელს ვერ გამოვყოფდი, ყველგან ერთნაირი სტანდარტი აქვთ. მთლიანად ჩართულია სახელმწიფო მანქანა, აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, ჩვენ როდესაც კარდაკარ დავდივართ აქტიურად ვხედავთ მათ.“

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ბრალდებებს ამომრჩევლის დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, გურჯანაის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი აბსურდულს უწოდებს.
„ვხედავთ, რომ სიწყნარე და სიშვიდეა. წინასაარჩევნო კამპანია მდორედ მიდის და ექსცესებს ადგილი არ აქვს. ვერავინ იტყვის, რომ ზეწოლა განხორციელდა, ვისაც რა გადაწყვეტყილების მიღება უნდა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. უბრალოდ, ჩენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო პერიოდში, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. რაც შეეხებაა ბრალდებებს, სრული აბსურდია. ფაქტი არ არსებობს, საუბრით კი ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუ ვინმე შევიწროებულია, თუ ვინმეს ემუქრებიან, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოვიდნენ და პრესით განაცხადონ. ვინ მივიდა სოციალურად დაუცვლეებთან და ვინ დაემუქრა, კონკრეტული სახლები და გვარები უნდა ვიცოდეთ. უაპელაციოდ ყველაფერზე ლაპარაკი არ შეიძლება. ან თუ ადმინისტრაციული რესურსია ჩართული, ამის დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები მოიყვანონ. ადამიანები როგორც თავად იქცევიან და ფიქრობენ, გონიათ ყველა მასეა.“

ზეწოლის ფაქტზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი. მისი განცხადებთ, სოფელ ჩალაუბანში დეპუტატობის კანდიდატს, მაკა ფრიდონაშვილს კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ღვინიაშვილი და საჯარო სკოლის დირექტორი.

-„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფელ ჩალაუბანში კანდიდატად დაგვეყენებინა დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი მაკა ფრიდონაშვილი, რომელიც 2003 წლიდან პარტიის რიგებშია. ამან „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ღვინიაშვილის უკმაყოფილება გამოწივია. მან დაურეკა ჩვენს კანდიდატს და გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. სატელეფონო ზარს ხსნიდა იმით, რომ მაკა ფრიდონაშვილმა პირადად მას უღალატა და ზურგში დანა ჩაარტყა. ჩვენმა კანდიდატმა უპასუხა, რომ შეხედულების შეცვლას არ აპირებდა. ღვინიაშვილმა კი უთრა: „შენ არ გაქვს ნაფიქრი, რომ ამ გადაწყვეტილებამ და ოპოზციურ სპექტრში ყოფნამ, შეიძლება დედაშენის სკოლიდან გაშვება გამოწივიოსო“ (მაკა ფრიდონაშვილის დედა აიდა ფრიდონაშვილი სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში რუსული ენის პედაგოგია). ამ საუბრის დასრულებიდან 5-10 წუთში, მაკას დაურეკა ჩალაუბნის სკოლის დირექტორმა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ დედამისს სამსახურიდან გააგდებდა. ვფიქრობთ, რომ ამ ორი ადამიანის ზარები დამთხვევა არ ყოფილა, უბრალოდ, „ევროპული საქართველო“ და მათი ლიდერი ორკესტრირებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად. ღვინიაშვილი ფიქრობს, რომ ჩალაუბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არსებობა საფრთხეს შეუქმნის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს.“

„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი ადასტურებს, რომ მაკა ფრიდონაშვილს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ზეწოლის ფაქტს გამორიცხავს.
„მაკა ფრიდონაშვილი ჩემი გუნდის წევრი იყო, ჩვენს შორის რეალურად შედგა სატელეფონო საუბარი, უბრალოდ მე მისი პოზიციები გავარკვიე. ჯერ ვკითხე, რატომ აპირებდა ამას, რატომ გააკეთა ეს, რადგან წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ის, რომ მე რაიმე ზეწოლა მოვახდინე და კანდიდატურის მოხსნა მოვთხოვე, აბსურდი და ბუწაშვილის მხრიდან ცილისწამებაა.“
აღნიშნულ საკითხზე ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლამზირა ყორჩიშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც ბრალდება კატეგორიულად უარყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე, ცესკო-ს განცხადებით მიმართა.

“საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის „ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს. ფეისბუქ პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

facebook-ზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი კი, ასეთია:
“ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ენერგიულს და სიცოცხლით სავსეს, განათლებულს და მოტივირებულს, კეთილშობილ ქრისტიანს და საუკეთესო ახალგაზრდას, როსტომ სესიაშვილს ვუსურვებთ წარმატებას, გამარჯვებას, წინსვლას და დიდი და სასიკეთო საქმეების კეთებას ჩვენი ყვარლისა და საქართველოს სადიდებლად.”

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონდარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.




სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google