არჩევნები 2017
როდის იწურება გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა
მათ, ვისაც 21 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, გადასატანი ყუთით სარგებლობა სურთ, შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ამის შესახებ არჩევნებამდე არა უგვიანეს ორი დღით ადრე უნდა აცნობონ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, იმყოფება პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.

-„იმისთვის, რომ ამომრჩეველმა გადასატანი ყუთით ისარგებლოს, საჭიროა წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას. განცხადება შეუძლია მიიტანოს როგორც ოჯახის წევრმა, ასევე მეგობარმა, მეზობელმა, ახლობელმა და ა.შ. შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია განიხილოს, პიროვნება საჭიროებს თუ არა სახლში გადასატანი ყუთის მიტანას. გადასატანი ყუთის მსურველთა რაოდენობა თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ შემოსული განცხადებების რაოდენობამ გადააჭარბა 3%-ს, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია მოგვმართავს ჩვენ, საოლქო კომისია კი სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა.

კოდექსის თანახმადვე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას.


| Print |
FaceBook Twitter Google