არჩევნები 2017
"ევროპული საქართველო" პლაკატების გადაღებვაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს [Photo]
"ევროპული საქართველოს" განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მათი პარტიის სააგიტაციო მასალა წითელი საღებავით გადაღებეს.
"ჩვენი აქტივისტების მიერ გაკრული პლაკატები წუხელ გადაღებეს, ეს მოხდა მასიურად. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა,  ყველა სხვა პარტიის სააგიტაციო მასალა ისევ ისე ხელშეუხებელია, მხოლოდ ჩვენია დაზიანებული."-  აღნიშნა speqtri.ge-სთან "ევროპული საქართველოს" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა სიბაშვილმა.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ "ქართულ ოცნებაში."

-"ქართულ ოცნებას" ეს არასოდეს ჩაუდენია, მით უმეტეს, ამას ახლა არ გავაკეთებდით, რადგან მათ ჩვენს კონკურენტებად არ ვთვლით. ეს "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" ხელწერაა. ერთმანეთს ხომ არ დაადანაშაულებენ და ისევ ხელისუფლებას აბრალებენ. აგიტატორებსა და აქტივისტებს კატეგორიულად ვაფრთხილებთ, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ. ჩვენი პლაკატებიც ჩამოხეულია ბევრ ადგილას, ეს ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ რაზეც "ევროპული საქართველო" საუბრობს თავიანთკენ მოიკითხონ, ეგენი იყვნენ ამ საქმის ოსტატები."-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, დასჯადია.



| Print |
FaceBook Twitter Google