არჩევნები 2018
"ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი ვეჯინის 26-ე უბნიდანაც გააძევეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ელმირა ბეციაშვილი სოფელ ვეჯინის #26 საარჩევნო უბნიდანაც გააძევეს. მისი განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის დავალებით მიიღო.
„მერი უხეშად ერევა საარჩევნო პროცესებში. უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებას ვახდენდი და ამას მედავებოდნენ, რისი უფლებაც მქონდა. თავმჯდომარეს ხმა არ ამოუღია, მერმა ბრძანა, ჩქარა გაიყვანეთო. არადა, იქიდან ვიღებდი, სადაც ამისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. პოლიციის ძალით გამომიყვანეს უბნიდან.“- განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევას უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

-„ყველას აქვს უფლება 10 წუთის განმავლობაში გადაიღოს სხვადასხვა კუთხიდან, შემდეგ კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გაჩერდეს. ელმირა ბეციაშვილი ორი საათის განმავლობაში იღებდა ფოტოსა და ვიდეოს ყველა კუთხიდან. გამოძევების გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ მიიღო, ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის.“-აღნიშნა ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, ელმირა ბეციაშვილი დღეს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვეჯინის #27 უბნიდანაც გააძევეს.



| Print |
FaceBook Twitter Google