დამატებითი ფინანსები მძიმე სენით დაავადებული პედაგოგებისთვის
პედაგოგების უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე, პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ სპეციალური შეხვედრა გამართეს. ზაზა სოფრომაძემ განათლების სისტემისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ჯანმრთელობის სამინისტროსთვის პედაგოგი პრიორიტეტია. შეხვედრაზე სპმთპ-ს პრეზიდენტმა პირველად გააჟღერა ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ეხება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლში შესატან ცვლილებას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია კობახიძის მიერ წამოჭრილი საკითხები დადებითად შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის. "შექმნილია კომისია, რომელიც იხილავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომელსაც ვერ ფარავს საყოველთაო დაზღვევა, პედაგოგებისათვის საყოველთაო დაზღვევის დადგენილება გაუმჯებესებულ პირობებს შეიცავს და შემუშავებულია დასაქმების პროგრამა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გადამზადებას პროფესიულ კოლეჯებში, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. ასევე, გადამზადების პროცესში სამუშაოს მაძიებლებისათვის სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მატერიალური დახმარებაც, რაც გამოიხატება მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერის გამოყოფაში"–განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპმთპ–ის ყველა იმ მოთხოვნის დადებითად გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც მძიმე დიაგნოზით დაავადებული პედაგოგების მკურნალობის დამატებით დაფინანსებას ეხება.
| Print |
FaceBook Twitter Google