გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოუძიებელია
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიდან უკვე ორი თვე გავიდა. აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. - "პიროვნებას ბრალი წაეყენა. ამ დროისთვის საქმე გადაგზავნილია სასამართლოში არსებითი განხილვისთვის.“- განუცხადეს speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატსაც დავუკავშირდით. - "როგორც ჩანს, გამოძიება დამთავრებულად მიიჩნიეს, რადგან საქმე სასამართლოში წარიმართა არსებითი განხილვისთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი გამოძიებაა და არასწორია კვალიფიკაციაც. მინდა შეგახსენოთ ქუთაისელი სამი ადამიანის შესახებ, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გამო დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ეს იყო აბსურდული ბრალდება. „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლორთქიფანიძეს საერთოდ არ შეხებიან. ჩემზე კი პირდაპირ მოხდა თავდასხმა, როდესაც სადეპუტატო უფლებამოსილებას ვახორციელებდი. ამაზე საქმე აბსურდული 125-ე მუხლით აღძრეს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა ის ადამიანი, რომელმაც გამარტყა, არის ბრმა იარაღი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პრემიერის, კახეთის გუბერნატორის, კახეთის პოლიციის უფროსის დავალებით, ეს ადამიანი სუს-მა მოიყვანა. შეასრულებინეს გარკვეული პროვოკაცია, თავდასხმა პარლამენტის წევრზე. რამდენიმე საათშივე გაათავისუფლეს, ახლა აბსურდული ბრალითაა გაშვებული სასამართლოში. ეს არის შერჩევითი სამართალი, ჩვენი ხელისუფლების სტილი." შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, მევენახეების მიერ გამართულ აქციაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანის მკვიდრმა გიორგი ჭანყოშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google