ვინ და რამდენ ლარად აქეიფა შსს-მ
საქართველოს აუდიტის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეულია 1,859.7 ათასი ლარის ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 1,082.2 ათასი ლარის ხარჯი. "წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და რაოდენობა."- ნათქვამია ანგარიშში. 2013 – 2014 წლებში რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ასეთია: 2013 წლის 2 იანვარს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „სენატს“ 15.5 ათასი ლარი გადაერიცხა. (ა/ფ ეა-05 8749671). წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. 2013 წლის 19 აპრილს რესტორან „სენატში“ გაიმართა ვახშამი 50 კაცზე, რისთვისაც შპს „სენატისთვის“ გადახდილია 9.8 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და ხარჯის გაწევის აუცილებლობა. 2013 წლის 1 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 22.9 ათასი ლარი. უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი. იმავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი ასევეაზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9.7 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 45 პირზე. დაფიქსირებული არ არის თუ რამდენი იყო სტუმარი. 8 აგვისტოს იმავე რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი სომხეთიდან ვიზიტად მყოფი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 9.6 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 40 პირზე. გაურკვეველია აქედან რამდენი იყო სტუმარი. 2013 წლის 9 აგვისტოს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი ისევ აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 16.3 ათასი ლარი. ასევე უცნობია, თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი. 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე პერიოდში შსს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ქ. ანაკლიაში სასტუმროში განთავსებისთვის შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 3.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ დაქირავებული იყო სასტუმროს 19 ნომერი ერთი დღე-ღამით, თუმცა გაურკვეველია ვინ და რამდენმა პირმა იცხოვრა სასტუმროში. ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართა ასევე ვახშამი 62 პირზე, რისთვისაც იმავე შპს „ლაზისთვის“ გადახდილია 7.4 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არისთუ ვინ ესწრებოდა ვახშამს და რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მისი გამართვა. 2014 წლის 11 მარტს გაიმართა ვახშამი 20 პირზე რესტორანში „მცხეთის დარბაზი“სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „გუჯარისთვის“ გადახდილია 4.5 ათასი ლარი. სტუმრების რანგში იმყოფებოდნენ ბელორუსიის საგანგებო 17 სიტუაციების სამინისტროს დელეგაცია (5 პირი). ამავე დღეს რესტორან „კოპალაში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე იმავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „კოპალასთვის“ გადახდილია 3.7 ათასი ლარი. მეორე დღეს (2014 წლის 12 მარტს) რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 20 პირზე მავე ბელორუსი სტუმრების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თიმთაწმინდისთვის“ გადახდილია 8.2 ათასი ლარი. 2014 წლის 24 აპრილს რესტორან „ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 25 პირზე ისრაელიდან სტუმრად მყოფი პირების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „ჯი-ემ-თიმთაწმინდისთვის“ გადახდილია 9.5 ათასი ლარი. 2014 წლის 8 მაისს ქ. ბათუმში გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს „აჭარულ-ლაზურისთვის“ გადახდილია 3.6 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში. 2014 წლის 30 მაისს ქ. ბათუმში პოლიციელის დღის აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ვახშამი მოწვეული სტუმრებისთვის. ვახშამი გაიმართა სასტუმრო „შერატონში“ 400 პერსონაზე, რისთვისაც სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთისთვის“ გადახდილია 55.6 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით არფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში. 2014 წლის 4 სექტემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 15 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 5.2 ათასი ლარი. 2014 წლის 29 ნოემბერს ქ. მცხეთაში რესტორან მუზეუმ „გუჯარში“ გაიმართა ვახშამი 14 პერსონაზე უკრაინული დელეგაციის გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს „რესტორან მუზეუმ გუჯარისთვის“ გადახდილია 7.0 ათასი ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google