როგორ დაეხმარებიან კახეთის მუნიციპალიტეტები სოციალურად დაუცველებს
კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი პირებისთვის საახალწლო ნობათს ამზადებს. ამისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია.

speqtri.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა სახის და ოდენობის საჩუქარს მიიღებენ ბენეფიციარები. ამ საკითხის თაობაზე ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თელავის მერიას დავუკავშირდით.
თელავის სოფლებში დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი ბავშვი), უსახლკაროები, (რომლებიც ქირით მერიის დაფინანსებით ცხოვრობენ) და ომის ინვალიდების არასრულწლოვანი შვილები მიიღებენ. თელავის მუნიციპალიტეტი ჯამში 50-ლარიან 80 პაკეტს ამზადებს. სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ქალაქის მერიაც დაეხმარება, თუმცა ჯერ ვერ დაგვიკონკრეტეს რა თანხას გამოყოფენ ამისთვის და რამდენი ადამიანი მიიღებს საჩუქარს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სასაჩუქრე პაკეტს ლტოლვილები, მრავალშვილიანი ოჯახები, დღის ცენტრისა და მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარები მიიღებენ. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 3 000 ლარი დახარჯება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლო ნობათს 18 წლამდე 90 შშმ (შეზღუდული შასაძლებლობების მქონე) პირს დაურიგებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული ღონისძიებისთვის 20 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამ თანხით საახალწლო ნობათებს მოამზადებენ შშპ პირებისთვის, დევნილებისთვის, 100 წელს გადაცილებულებისა და სოფლებში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის (სულ 250 ადამიანი).
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა მრავალშვილიან დედებს ფულად თანხას გადასცემს, რისთვისაც ბიუჯეტში 12 000 ლარია გამოყოფილი. თვითმმართველობისგან სასაჩუქრე პაკეტს დღის ცენტრის 250 პენსიონერი მიიღებს. საახალწლო ნობათი სათნოების სახლისა და სოცილაურად დაუცველელი ოჯახების შვილებსაც გადაეცემათ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 10 000 ლარი გამოყო. ამ თანხით სოციალური სახლის ბენეფიციარებს, შშმ პირებსა და უდედმამო ბავშვებს, ასევე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტით დაეხმარებიან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კი საახალწლო ნობათს 530 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცემს, რისთვისაც 14 000 ლარამდე თანხას დახარჯავს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

| Print |
FaceBook Twitter Google