გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში 25 წლამდე ასაკის  მამაკაცი გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსია. ჯეოჰოსპიტალსში მამაკაცის დაღუპვის მიზეზად აღნიშნული ვირუსი არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს.

"გარდაცვლილის ოჯახის თანხმობა თუ არ იქნება, ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე კვლევა ვაწარმოოთ გვამზე. ამიტომ, ასე პირდაპირ თქმა ან უარყოფა ძალიან ძნელია. წინასწარ საუბარი, რომ მას ნამდვილად H1N1 ჰქონდა, არ შეიძლება."-აღნიშნა ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ თევზაძემ.

მისივე თქმით, ღორის გრიპით დაინფიცირების მხრივ, განსაკუთრებით სარისკო ასაკობრივ ჯგუფში 0-დან 5 წლამდე და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები განიხილებიან.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსიდან პაციენტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, რადგან მას H1N1-ს სავარაუდო სიმპტომები აღენიშნებოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ თბილისში პაციენტს ღორის გრიპი დაუდასტურეს.


| Print |
FaceBook Twitter Google