ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში სიახლეა
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება. რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა:

"აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).

15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).
ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა - წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება."
- განმარტავენ საგამოცდო ცენტრში.

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:
აბიტურიენტები;
პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
სტუდენტები;
მაგისტრანტობის კანდიდატები.

რეგისტრაცია 15 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google