რატომ ვერ გაიმართა პრემიერა სიღნაღში ქართული თეატრის დღეს
ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა. მაშინ, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.
ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. სიღნაღის თეატრის მთავარი რეჟისორი მურად ვაშაკიძე ამბობს, რომ 14 იანვარი ბედნიერი დღეა როგორც მისთვის, ისე ყველა თეატრალისთვის.

-„აქედან დაიწყო მუდმივმოქმედი თეატრის არსებობა კლასიკური სახით. თორემ ქართული თეატრი მხოლოდ საუკუნენახევრის არ არის, ფესვები წარსულიდან მოდის. ეს იყო „ბერიკაობა“, „ყეენობა“, სახალხო თამაშობები, რომლებიც ეროვნული თეატრის სახედ ითვლება. 1795 წელს, როდესაც აღა მახმად ხანი დაგვესხა თავს, მაშინ თელავში საკარო თეატრი უკვე არსებობდა. ამის გარეშე ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება ვერ შეიქმნება, ეს ორი პირდაპირ კავშირიშია ერთმანეთთან. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართულ თეატრს თავისი ნიშა უკავია მსოფლიო თეატრალურ ცხოვრებაში და ამას ვერავინ შეცვლის. შედეგები და მიღწევები მსოფლიო სცენებზე საქართველოს უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე მათ, ვინც საუკუნეებით გვასწრებდნენ.“ - აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

მისივე თქმით, განათების პრობლემის გამო დღეს სიღნაღის თეატრში პრემიერა არ გაიმართება. მსახიობები ახალ პიესას მაყურებელს 18 იანვარს წარუდგენენ.
| Print |
FaceBook Twitter Google