112–ის ოპერატორი გადაუდებელი შემთხვევისას მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაციას დაადგენს
განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევისას, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა - eSchool-ის საშუალებით ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის სკოლის სახელწოდება და ნომერი.

„ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო „112“-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.“ -აღნიშნულია police.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google