ახმეტაში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან დაზიანებულ ყურძენს გლეხები დილიდან კრეფენ. ყურძნით დატვირთული პირველი მანქანა ახმეტის ღვინის ქარხანაში ცოტა ხნის წინ შევიდა.
,,ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ყურძნის რეალიზაციის პროცესში. სოფლებში გლეხებმა დილიდან დაიწყეს ყურძნის კრეფა და დაზიანებული მოსავლის ჩაბარება უპრობლემოდ შეუძლიათ ახმეტის ღვინის ქარხანაში. რაც შეეხება საზამთროს ბაღებს, მინდა გითხრათ, რომ სეტყვამ საზამთროს გაცილებით ნაკლები ზიანი მიაყენა." - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ამასთან ერთად, სტიქიამ ახმეტის მუნიციპლაიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალურმა კომისიამ არსებული ვითარება შეისწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

"სტიქიამ დაახლოებით 7-8 სახლი დააზიანა. კომისია იმყოფებოდა ადგილზე, შევისწავლეთ დაზიანებების სიმძიმე. ბიუჯეტში სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხა. რაც შეეხება მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, ამ ეტაპზე მიჭირს თქმა, რადგან კომისია ჯერ ისევ მუშაობს." - აღნიშნა ქარუმაშვილმა.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს მოსულმა სეტყვამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ბოსტნეული დააზიანა.
| Print |
FaceBook Twitter Google