ამ დროისთვის კახეთში 5000 ტონა ყურძენია გადამუშავებული
ტრადიციულად, რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 5000 ტონა ყურძენია გადამუშავებული.
რქაწითელის საშუალო ფასი 80 თეთრია, საფერავის კი ორ ლარამდე მერყეობს.
რთველის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის შტაბის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

-"წელს რეკორდულ მაჩვენებელს ველოდებით. ინდუსტრულად მოსალოდენლია რომ 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება. საკმაო მოთხოვნაა და ფასებიც მისაღებია ფერმერებისთვის. პირველი წელია, როდესაც ყველანაირ კომპენსაციაზე უარი ვთქვით, თუმცა 2017 წელს პირდაპირი სუბსიდია გავაჩერეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებით ჩამოყალიბებული ფასი იქნება ისეთი, რომ მოაწყობს მევენაახეების მოტივაციას წარმოების შენარჩუნებისა თუ გაზრდის კუთხით."-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში დღეის მდგომარეობით 75 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელიც ყურძენს ჩაიბარებს.

-"რთველის საკოორდინაციო შტაბი განაგრძობს უწყევტ რეჟიმში მუშაობას. დღეის მდგოამრეობით 5000 ტონა ყურძენია გადამუშავებული.  სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, რომელიც ერთ მხრივ რთველში მონაწილეობს, მეორე მხრივ კი ქართული ღვინის ექსპორტში. ვფიქრობ, ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ რთველი კარგად წარიმართოს და მოსავალი  ოპერატიულად დაბინავდეს. ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა და რაიმე გართულებებს არ უნდა ველოდეთ."-აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა.

ამ ეტაზე ყურძნის ფასი მისაღებია სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები გოჩა ბროლიძისთვის.

-"წელს ჩვენს სოფელში უხვი მოსავალია და კმაყოფილები ვართ. ფასიც ნორმალურია, საფერავს 2 ლარამდე იბარებენ, კარგი იქნება რქაწითელსაც უფრო მაღალი ფასი თუ ექნება. კომპანიები უპრობლემოდ იღებენ ყურძენს. წელს სუბსიდია კი მოიხსნა, მაგრამ ამას შეფერხება არ გამოუწვევია" -ამბობს ის.

ცნობისთვის, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის ყურძენს ღვინის 23კომპანია იბარებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი /