გურჯაანელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გამართულ ჩემპიონატზე პირველი ადგილები დაიკავეს

თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ საქართველოს ღია ჩემპიონატზე გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 5 სპორტსმენი მონაწილეობდა. კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა და გელა ხვთისიაშვილმა, ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა, გურჯაანელმა ელგუჯა იმერლშვილმა და გიორგი კიკონიშვილმა წარმატებით იასპარეზეს და ხუთივე მათგანმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავა.

„125 კგ წონით კატეგორიაში ვმონაწილეობდი. 255 კგ დავძლიე, გავიმარჯვე როგორც წონით კატეგორიაში ასევე აბსოლუტურ ჩათვლაში. ეს პირველი შეჯიბრია მეორე ოპერაციის შემდეგ. ნოემბერში ევროპის ჩემოიონატია და უკვე ვემზადები.“- აღნიშნა გიორგი ბეროშვილმა.

სოფელ კარდენახის მკვიდრმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა 110 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა.

„ნოემბერში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს და ეს წინაშესარჩევი ტურნირი იყო. 205 კგ ავწიე და 25 კგ-ით გავაუმჯობესე ჩემი შედეგი თებერვლის შემდეგ. ამჟამად ლიცენზია მოპოვებული მაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, ვნახოთ როგორ ფორმაში ვიქნები. ჩემი სოფლიდან გელა ხვთისიაშვილმაც პირველი ადგილი დაიკავა, 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 120 კგ დაძლია.“- ამბობს სპარტაკ დოლენჯაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს გარდა კიდევ სამი ქვეყანა მონაწილეობდა: თურქეთი, ირანი და უკრაინა.




| Print |
FaceBook Twitter Google