პატარძეულის "ვეფხვებს" საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება მიეცათ

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ „დიდი რაგბი“ პატარძეულში ბრუნდება. რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა "ვეფხვებს" პატარძეულში თამაშის უფლება მისცა.


შეხვედრები პატარძეულში იმ მიზეზით არ იმართებოდა, რომ სტადიონი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.  ახლა კი მოწესრიგდა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა 100-კაციანი ტრიბუნა, მოეწყო გასახდელები და განათების სისტემა.

3 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ვეფხვები“ საკუთარ სტადიონზე ქუთაისის „აიას“ შეხვდებიან.

-„შვიდი თვის წინ მოვიგეთ პირველი ლიგა და გადავედით უმაღლეს ლიგაში, სადაც უკვე სხვა სტანდარტებია საჭირო. ორი თვე მოვანდომეთ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. გუშინ იყო კომისია მოსული, შეგვამოწმა და დაგვრთო ნება საკუთარ მოედანზე გვეთამაშა. შემდეგ თამაშს რუსთავის „ხარებთან“ გავმართავთ. ამით დამთავრდება პირველი წრე. 20 დეკემბრიდან იწყება მეორე წრე. 27 იანვრიდან კი თითქმის ყველა თამაშს საკუთარ სტადიონზე ჩავატარებთ. სულ 10 გუნდი მონაწილეობს და 18 თამაში შედგება. აპრილის თვეში გამოვლინდება ჩემპიონი, რომელმაც ფინანსებიდან გამომდინარე შესაძლოა ევროპის ლიგაზე ითამაშოს. ჩვენი მიზანია, დავრჩეთ უმაღლეს ლიგაში და უფრო მოვძლიერდეთ.“-აღნიშნა რაგბის კლუბ „ვეფხვების“ დირექტორმა სანდრო პავლიაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, პატარძეულის „ვეფხვები“ კახეთის რეგიონში პირველი გუნდია, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google