საქართველო Expovina-ზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
1-15 ნოემბერს ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Expovina განსაკუთრებული ლოკაციითა და ფორმატით გამოირჩევა. გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ გამოფენაზე ტრადიციულად, დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.გამოფენის გახსნას წინ საზეიმო მიღება უძღვოდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.


საქართველოს წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი“-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოხდა.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი.
საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


| Print |
FaceBook Twitter Google