40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის "წითელას" საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა
კახეთში წითელას ინფექციით დაავადებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. გუშინ თუ ეს მაჩვენებელი 42-ს შეადგენდა, დღეს 44-ია.
მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების შემთხვევები უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტებში ფიქსირდება.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, იმატა იმ ადამიანების რაოდენობამაც, ვისაც ვაქცინის გაკეთება სურს.

"ძირითადად ვაქცინაციის მოთხოვნით მოდიან ისინი, ვისაც ინფიცირებულთან უწევთ კონტაქტი. წითელას არაგეგმიური ვაქცინაციისთვის მარაგი ყველა მუნიციპალიტეტშია, თუ სადმე დაგვჭირდება, შევავსებთ.  კახეთში სპეციალიზირებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო არ გვაქვს და თუ მძიმე შემთხვევა იქნება, რეფერირებას თბილისში მოვახდენთ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტალიზაცია არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია,"- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების პროცედურა, მოქალაქეებს ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეუძლიათ. აცრისთვის არ არის საჭირო ექიმის ცნობა, ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი. აცრა უფასოა 40 წლამდე ასაკის პირებისთვის, 41 წლიდან კი მათთვის, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა “წითელას” ვირუსით დაავადებულთან. 





| Print |
FaceBook Twitter Google