მინისტრის მოადგილე ყურძნის ფასზე - "წინასწარ ნუ ჩავვარდებით პანიკაში“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ყურძნის ფასი მისაღები და სტაბილური იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ეღირება.
-„ფასი არავის დაუანონსებია, ამას საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს. დასამალი არ არის და მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკურმა სიტუაციებმა გარკვეული ფონი შექმნა და ნეგატიური განწყობები გამოიწვია თავად მეღვინეებშიც. ისინი შიშობენ, რომ მომავალ წელს ვერ განახორციელებენ ღვინის ექსპორტს. სამინისტრო პირდაპირ არ ერევა და არ ახორციელებს სუბსიდირებას, თუმცა იქნება ირიბი ჩარევა, რათა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო და ფასის სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ნეგატიური განწყობები ნაადრევია. არსებობს შტაბიც, ლოჯისტიკა უმაღლეს დონეზე იქნება, რათა გლეხს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ფასიც მეტნაკლებად მისაღები იყოს. 2012 წელს 51 ღვინის საწარმო ფუნქციონირებდა, ახლა ეს რიცხვი 1088-ს შეადგენს. ეს უკვე კონკურენტუნარიანი გარემოა“-ამბობს პავლიაშვილი.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო წელს თავადაც შეისყიდის გარკვეული რაოდენობის ყურძენს.

-„შევხვდით ღვინის კომპანიებს, ისინი ამბობენ, რომ ყურძენს შეისყიდიან კომერციული თუ სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. წინასწარ ნუ ჩავვარდებით პანიკაში, დაველოდოთ მოსავლის აღებას,“-აცხადებს მინისტრის მოადგილე speqtri.ge-სთან.

პავლიაშვილი ვარაუდობს, რომ წლევანდელი რთველი წარმატებული იქნება.



| Print |
FaceBook Twitter Google