რუსთავი 2 კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმაც დატოვა
სამწუხაროდ, დავტოვე რუსთავი 2, სადაც 10 წელი გავატარე და ვიქნები იქ, სადაც ჩემი გუნდი, ჩემი რუსთავიორელები იქნებიან -ტელეკომპანია რუსთავი 2 კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმა ია გულიაშვილმაც დატოვა.
-"რა პროცესები მიმდინარეობდა ტელევიზიაში, ყველამ ერთად ვნახეთ. მას შემდეგ, რაც საინფორმაციოს უფროსი, ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს, მოისპო გარანტია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა შენარჩუნებული. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის თავისუფლება, რაც მქონდა კურიერში მუშაობის დროს და ამ კურიერში ფაქტია, ასე აღარ იქნება. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი გუნდის მიერ არჩეული დასავლური ღირებულებების ხაზი და ვერაფრით ვიქნები რუსეთის მეხოტბე. ჯერ კიდევ, 2015 წელს, როცა ამჟამინდელმა მფლობელმა პრესკონფერენცია გამართა, ზონდერ ჟურნალისტად მომიხსენია და დამპირდა, რომ მის ტელევიზიაში ვეღარ ვიმუშავებდი. სამწუხაროდ, დავტოვე რუსთავი 2, სადაც 10 წელი გავატარე და ვიქნები იქ, სადაც ჩემი გუნდი, ჩემი რუსთავიორელები იქნებიან, სადაც ერთად ვიბრძოლებთ, მოვიპოვოთ თავისუფლება და არ ვიყოთ არავისი მონები,"-აღნიშნა ია გულიაშვილმა speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, გუშინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც "რუსთავი 2" "კურიერის" თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ეთერში "კურიერის" არც ერთი გამოშვება არ გასულა.


| Print |
FaceBook Twitter Google