საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს მიმართავს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს და იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. როგორც აღნიშნულ უწყებაში განმარტავენ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა საბერძნეთში მოქმედი საეჭვო ინტერნეტ წყაროების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

„ჩვენთვის სრულიად გასაგებია ქართული ემიგრაციის აღშფოთება და წუხილი მსგავსი სახის დეზინფორმაციული ცნობების მიმართ, ვინაიდან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, არამედ საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ყურადღების მიპყრობას ე.წ "სკანდალური", სინამდვილეში კი ნეგატიური და რაც მთავარია, ცრუ შინაარსის ამბებით.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო უწყვეტ რეჟიმში კავშირზეა საბერძნეთის სამართალდამცავ , სახანძრო, სამაშველო, სხვა შესაბამის სამსახურებთან, ასევე შესაბამის სამინისტროებთან და საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს ოფიციალური ინტერნეტგვერდების მეშვეობით, იქ მცხოვრები ქართველები ტრადიციულად, დროულად იქნებიან ინფორმირებული საბერძნეთში განვითარებულ ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკავშირდებოდეს.

„მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში

| Print |
FaceBook Twitter Google