შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა
პირველი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე და ამ საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე.
დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელს ჰყავს 20 ან ნაკლები თანამშრომელი, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

როდესაც ორგანიზაციაში მუშაობს 20-დან 100-მდე პერსონალი, დამსაქმებელი  ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის  შემთხვევაში კი, მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

ამასთანავე, დასაქმებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანისათვის.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე.



| Print |
FaceBook Twitter Google