აქცია ყვარელში- მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხო სოფლის მცხოვრებლებმა ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანისა და ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვს.
მევენახეების განცხადებით, 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი, 70 თეთრი, მიზერულია და მისი ღირებულება 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"გაძვირდა ცხოვრება, ვენახს მუშა, საწვავი და შხამქიმიკატები სჭირდება. ჩვენ კი ისევ 70 თეთრს გვაძლევენ. ექსპორტი გაიზარდა და ვფიქრობდი, რომ წელს უკეთესი ფასი იქნებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ასე ვერ შევთანხმდებით და ამ რეალობას ვერ შევეგუებით. ჩვენ ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ. ამიტომ ხელისუფლებას ვთხოვთ გვიშუამდგომლოს კერძო კომპანიებთან, რათა ფასის დარეგულირება მოხდეს. იმდენი გადაგვიხადონ, რამდენიც საჭიროა, რომ ჩვენი შრომა იყოს დაფასებული. 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს რქაწითელი"- ამბობს მევენახე, თენგიზ დათუნაშვილი.

ფერმერები ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან.

მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი.

1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენი 70 თეთრი ღირს, ზოგ შემთხვევაში კი 75 თეთრია. რაც შეეხება 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძეს, მისი ღირებულება 1,50 ლარიდან 2,20 ლარამდე მერყეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google