მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე - სალომე ზურაბიშვილი
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი. როგორც დაგეგმილი იყო, ბრიფინგი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უნდა გაემართა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, საზოგადობისთვის თავად მიემართა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება; ეს არ არის არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების და იმ მოცემულობის. ეს არის შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი და არც შეცდომას გამორიცხავს, არც იმას გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოების. ამიტომაც წინა წელს ვთქვი, რომ გამოვდიოდი ინიციატივით - წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც მისი ვერსიაც გადაეცემა.
„მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყალიბებს როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება. მანამდე კი, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ მე მივიღე შეწყალების გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა.“

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათ შორის იყვნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული და ასევე 18 წლის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული.


| Print |
FaceBook Twitter Google