პარლამენტთან დღეს საპროტესტო აქცია "სირცხვილია" გაიმართება
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან,  საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ გაიმართება.
აქციის მონაწილეები სლოგანით „ერთად ერთის წინააღმდეგ“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას დაწინაურებით ხელისუფლება დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს.

„თქვენ არ შეისმინეთ ჩვენი მოთხოვნა და არ შეელიეთ გახარიას. ამიტომ, ჩვენ შეგელევით თქვენ ყველას, 2020 წლის მშვიდობიან, პროპორციულ არჩევნებზედა ამის შესახებ შეგატყობინებთ 20 სექტემბერს, 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანდელ აქციას ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

20 ივნისის ღამეს გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.


| Print |
FaceBook Twitter Google