40 სახის კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა
momxmarebeli.ge კოსმეტიკურ-პარფიუმერული საშუალებების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 40 სახის ნაწარმში ისეთი ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ევროკავშირში იკრძალება, რადგან იგი სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (momxmarebeli.ge) ინფორმაციით, კოსმეტიკური საშუალებების 35 პროდუქტი და თმის ხუთი საღებავი ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ეს ნივთიერება ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა.

„ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება“, - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია.

როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

აქვე momxmarebeli.ge მიუთითებს, რომ მათ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში ფორმალდეჰიდის ოდენობა 0,05%-ს არ აღემატებოდა.

„ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში“, – ნათქვამია momxmarebeli.ge–ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პარფიუმერულ-კოსმეტიკურ ნაწარმზე სახელმწიფო კონტროლის დანერგვა აუცილებელია.

ცოტა ხნის წინ, momxmarebeli.ge-მ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმის 5 ნიმუშში ასევე აღმოაჩინა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში.

თუ რომელ კოსმეტიკურ საშუალებაში აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება, ვრცლად იხილეთ ჩამონათვალი ბმულზე: ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში



| Print |
FaceBook Twitter Google